The New York Times

NY Times: საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესი ვერ დაჩქარდებოდა

The facade of the New York Times building is seen in New York
Shannon Stapleton / REUTERS

ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, The New York Times-ში საქართველოს შესახებ სარედაქციო სტატია გამოქვეყნდა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ საქართველოს ლიდერები შიშობდნენ, რომ რუსეთი მოინდომებდა ეთნიკურად რუსებით დასახლებული ქართული მიწების მიტაცებას, - ნათქვამია სტატიაში.

იქვე ახსნილია ის ფაქტორები, რის გამოც აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნები საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესს ვერ დააჩქარებდნენ. ავტორთა თქმით, ეს პროცესი რუსეთის მხრიდან აგრესიულ რეაქციას გამოიწვევდა, რასაც შესაძლოა ალიანსის შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვა მოჰყოლოდა, ამას კი ალიანსი სირიასა და ერაყში არსებული გამოწვევების ფონზე ვერ დაუშვებდა.

მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაცია ცდილობს დაარწმუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომ აშშ მათ მხარს უჭერს. სწორედ ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეიგელის ვიზიტი, - აღნიშნავს გამოცემის რედაქცია.

"უკანასკნელ ათწლეულში თავდაცვის მდივნის, ბატონი ჰეიგელის ვიზიტი თბილისში პირდაპირი გამამხნევებელი ტონი იყო. ჰეიგელის თქმით, იმის გამო, რომ საქართველო აშშ-ის თავდადებული და საიმედო პარტნიორია, ჩვენ ვაგრძელებთ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებში, მათ შორის, NATO-ს წევრობის მისწრაფებაში საქართველოს მხარდაჭერას", - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველო ავღანეთში NATO-ს ISAF-ის მისიაში არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო სამხედრო პერსონალის თვალსაზრისით, იმის ფონზე, რომ საკუთარი კონტინგენტი აშშ-ის მოკავშირეებმაც შეამცირეს.

"ორ ომში საქართველოს კონტრიბუცია NATO-ში გაწევრიანების კამპანიაში მისი ინვესტიცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა მოუხელთებელი რჩება ძირითადად გერმანიის ოპოზიციის გამო, გასულ კვირას საქართველომ მნიშვნელოვანი იმედისმომცემი პრიზი მიიღო, როდესაც NATO-ს ლიდერებმა საქართველო იმ ხუთი ქვეყნის სიაში დაასახელეს, რომლებიც ალიანსის გაძლიერებული პარტნიორები არიან", - ვკითხულობთ სტატიაში.

ახალი სტატუსი საქართველოს დასავლეთთან სამხედრო დაზვერვის თვალსაზრისით უფრო დააახლოებს. საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს მცირე საკოორდინაციო ცენტრიც გაიხსნება. ეს ფაქტი, სტატიის ავტორების თქმით, სიმბოლიზმითაა მდიდარი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს საქართველოსთვის მეტის გაკეთება შეუძლია. გამოცემის თქმით, საქართველო საკუთარი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისკენ მიისწრაფოდა, თუმცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლია ალასანიას თქმით, ამერიკელი თავდაცვის კონტრაქტორებისთვის სამხედრო შეკვეთები წლების განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა. სტატიაში ნათქვამია, რომ პენტაგონის საგარეო სამხედრო გაყიდვების სისტემა მოუქნელია, რაც შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით უნდა გამოსწორდეს, რათა შეძლოს საქართველოს მოთხოვნების დაკმაყოფილება.

კომენტარები