გაეროს გენერალური ასამბლეა

წულუკიანი: ხალხს ნაციონალურ მოძრაობასთან საკეკლუცოდ არ ავურჩევივართ

თეა წულუკიანი

„ქართველ ხალხს ქართული ოცნებიდან არავინ აურჩევია იმისთვის, რომ ვიკეკლუცოთ ნაციონალურ მოძრაობასთან", - ამბობს იუსტიციის მინისტრი, რომელმაც პრეზიდენტსა და პრემიერს შორის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წასვლასთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

თეა წულუკიანს მიაჩნია, რომ ამ „გართულებული თანამშრომლობის" გამო ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხელს:

„იმ აჟიოტაჟში, რაც არის მთავრობისა და პრეზიდენტის გართულებული თანამშრომლობის გამო, არ ვფიქრობ, რომ მთავრობას წვლილი მიუძღვის - ამას გეუბნებით გულახდილად. ეს აჟიოტაჟი, თუ ვინმეს აინტერესებს და აწყობს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ, მე მჯერა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე მისი გარემოცვა ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის, რომ ჩვენ, ქართული ოცნების წევრები და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, დავრჩეთ იმ მანდატის ერთგული, რა მანდატითაც აგვირჩია და დაგვნიშნა თანამდებობებზე ქართველმა ხალხმა. ქართველ ხალხს ქართული ოცნებიდან არავინ აურჩევია იმისთვის, რომ ვიკეკლუცოთ ნაციონალურ მოძრაობასთან", - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გაეროში მისი ვიზიტი ჩაიშალა.

კომენტარები