კომუნიკაციები

მაგთი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ სანქციებს გაასაჩივრებს

mjquinn.co.uk

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 9 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მაგთიკომსა და ჯეოსელს დააკისრა სანქცია - წერილობითი გაფრთხილება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, შპს მაგთიკომისა და ჯეოსელის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას, რაც გამოიხატა საბითუმო ბაზარზე დაწესებული ტარიფებით საკუთარი აბონენტებისთვის შეთავაზებული ტარიფების სუბსიდირებაში.

კომისიამ გამოძიება კავკასიის ციფრული ქსელების საჩივრის გამო დაიწყო, საქმის განხილვა მსხვილი კომპანიების მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში გადაიზარდა. სამივე მსხვილ კომპანიას კომისიამ დაავალა, წარმოედგინა ფინანსური ანგარიშგებები.

მაგთიკომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თათული ღვინიაშვილის თქმით, კომპანია არ ეთანხმება კომისიის პოზიციას. მისი თქმით, მაგთიკომის მხრიდან არ ჰქონია ადგილი არც კანონის და არც კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას და, შესაბამისად, არ არსებობდა სანქცირების სამართლებრივი საფუძველი. ამიტომაც კომპანია კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ფინანსური ანგარიშგებების წარმოუდგენლობის გამო სანქცია ბილაინსაც დაეკისრა.

კომენტარები