კრიზისი უკრაინაში

იაცენიუკი: საგარეო აგრესორი რუსეთია, ხოლო შიდა - კორუფცია და უპასუხისმგებლობა

არსენი იაცენიუკი

მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე უკრაინის პრემიერმინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა, რომ უკრაინაში ორი აგრესორია, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლაა საჭირო. იაცენიუკის თქმით, რუსეთის ფედერაცია საგარეო აგრესორია, ხოლო შიდა აგრესორი კორუფცია, უპასუხისმგებლობა და ორგანიზების არარსებობაა.

“მხოლოდ ამ ორი აგრესორის დამარცხებითაა შესაძლებელი გამარჯვება“, - აღნიშნა პრემიერმა.

არსენი იაცენიუკის თქმით, "უკრაინის სამხედრო ორგანიზება სხვა არაფერია, თუ არა პოსტსაბჭოთა თავდაცვის სამინისტრო. რადიკალური ცვლილებების გარეშე თავდაცვის სისტემაში ათობით მილიარდის ჩადების შემთხვევაშიც შედეგი არ გვექნება. ამიტომ, პირველი საკითხი ქვეყანაში სამხედრო ორგანიზაციის მოდერნიზებაა და ამისთვის ჩვენ არა მხოლოდ იარაღი, არამედ სპეციალისტებიც გვჭირდება, რომლებსაც სამხედრო ორგანიზაციის ხარისხიანად შეცვლის უნარი აქვთ“.

მთავრობის სხდომაზე პრემიერი ასევე შეეხო მანერგეიმის ხაზის, ე.წ კედლის აშენების პროექტს. მისი თქმით, რუსეთის საზღვართან თავდაცვითი სიმაგრეები უნდა აშენდეს იაფად და სწრაფად. სხდომაზე კიდევ ერთი განსახილველი საკითხი ეროვნული ეკონომიკა იყო.

“ეკონომიკა ომის მდგომარეობაშია. ჩვენ პარლამენტში ათობით კანონის და ასობით ნორმატიული აქტის მიღება შეგვიძლია, მაგრამ ქვეყანაში არცერთი ინვესტორი არ შემოვა, თუ რუსული ჯარი ტანკებით, გრადებით, ტყვიამფრქვევებით და დივერსანტებით დაგვიპირისპირდება“, - განაცხადა იაცენიუკმა.

უკრაინის პრემიერის თქმით, ომის შეწყვეტისა და საზღვრის აღდგენის საკითხის განხილვის გარეშე უკრაინის ტერიტორიაზე არცერთი რეფორმა იქნება რეალიზებული.

“ომი დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ქვეყანას მშვიდობა სჭირდება და ჩვენ ვალდებულები ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“, - აღნიშნა იაცენიუკმა.

კომენტარები