შს მინისტრის ინტერვიუ

სუბარი: ჭიკაიძე განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს, მას აქვს ინფორმაცია

სოზარ სუბარი

"ალექსანდრე ჭიკაიძე განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს", - ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შს მინისტრის ინფორმაციას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას გეგმავსროგორც სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, ენმ დესტაბილიზაციას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი ქმნიდა. 

"ნაციონალური მოძრაობა დღეს კი არა, ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინაც დესტაბილიზაციას ქმნიდა. ეს მას ბუნებაში აქვს გამჯდარი - დესტაბილიზატორები არიან ყველანი თვითონ განცხადებებით, ქმედებებით და ყველაფრით. რაც შეეხება ჭიკაიძეს, ის ასეთ განცხადებებს ჰაერზე არ აკეთებს. მას აქვს ინფორმაცია და, შესაბამისად, ეს განცხადებაც ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით არის გაკეთებული", - განაცხადა სუბარმა. 

ჟურნალისტებმა დევნილთა მინისტრს შეახსენეს, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყნანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში, თუმცა, ეს არ გამართლდა და შს მინისტრმა საკუთარ განცხადებას "ძალიან კარგი, პრევენციული ინტერვიუ" უწოდა.

"არის ორი გზა, პირველი, ვაცალოთ ადამიანს, ჩაიდინოს დანაშაული და ფაქტზე მოვახდინოთ რეაგირება და მეორე - გაკეთდეს პრევენციული განცხადება იმისთვის, რომ არ მოხდეს დანაშაული. ზოგჯერ პრევენციული განცხადება საჭიროა იმისთვის, რომ შედეგი არ დადგეს", - თქვა სუბარმა.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე ე.წ. პოლიციის რეიდებს, მინისტრის შეფასებით, ამ ტიპის პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის არსებობდა და მომავალშიც იარსებებს. 

"გარკვეული ტიპის პრევენციული ღონისძიებები პერიოდულად უნდა ჩატარდეს, იმისთვის, რომ ნაკლები დანაშაული მოხდეს. ამ მხრივ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. საპოლიციო კონტროლი არსებობდა ყოველთვის და იარსებებს მომავალშიც, უბრალოდ, ახლა ის გახდა პროვოკაციის საგანი", - აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები