შს მინისტრის ინტერვიუ

საპარლამენტო უმცირესობა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. ნაციონალური მოძრაობას სურს, განმარტება მიიღოს განცხადებაზე, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მზადებას ეხებოდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების თქმით, ახალი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობას აგრძელებს და ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაციითაა დაკავებული. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნა გაუგებარია და ახალი მინისტრი პროფესიონალია. 

ცნობისთვის, შს მინისტრი ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ახლაც არის ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან დესტაბილიზაციაზე, თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება ამას არ დაუშვებს და ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება. ახლადდანიშნულმა მინისტრმა ინტერვიუ გაზეთ "კვირის ქრონიკას" მისცა.
 

"როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა ინვესტიციები შემოვიდეს. ახლა გახლდით რიგაში ვიზიტად, ვიზა ლიბერალიზაციისთვის საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, შევხვდი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს და ისინი გვიცხადებენ დიდ მხარდაჭერას. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რადგან ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სერიოზული უკანდახევა. ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვევს იმ მონაპოვრის დაკარგვას, რასაც ჰქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა. ნაცმოძრაობა, თავისი განცხადებებით, ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ", - თქვა გომელაურმა.

აღსანიშნავია, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არეულობასა და ევრომაიდნის მოწყობის მცდელობაში თავის საგაზეთო ინტერვიუში შს ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეც ადანაშაულებდა. ის საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტში დაიბარა, თუმცა არ გამოცხადდა. ალექსანდრე ჭიკაიძემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ენმ-ის მხრიდან არეულობის მცდელობის შესახებ განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა.

კომენტარები