შს მინისტრის ინტერვიუ

ჭიკაიძე: მკვლელობების 99% მოდიოდა ახლობლებსა და ნათესავებზე

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მტკიცებით, ბოლო პერიოდში მომხდარი "მკვლელობების 99% მოდიოდა ახლობლებსა და ნათესავებზე". ამის შესახებ ჭიკაიძემ ალიასთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთ ფაქტებზე პოლიცია პრევენციას ხშირ შემთხვევაში ვერ მოახდენს.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში მომხდარი მკვლელობები ძირითადად ოჯახურ გარჩევებს მოჰყვა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში მკვლელობა მოხდა. ბიძაშვილები ერთად ქეიფობდნენ, შელაპარაკების შედეგად, ბიძაშვილმა ბიძაშვილს ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, სამწუხაროდ, პიროვნება გარდაიცვალა. ასეთ ფაქტებზე პოლიცია პრევენციას ხშირ შემთხვევაში ვერ მოახდენს", - თქვა ჭიკაიძემ და აღნიშნა, რომ ვაკეში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილია გარდაცვლილის ბავშვობის მეგობარი, ხოლო ვანში მომხდარ ყაჩაღობაში ბრალდებულიც, ოჯახის ნათესავია.

"ამით იმის თქმა მინდა, რომ მკვლელობების 99% მოდიოდა ახლობლებსა და ნათესავებზე", - აცხადებს შს მინისტრი.

მისივე მტკიცებით, "მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულა". მინისტრის თქმით, "მესმის, სტატისტიკით საუბარი გამაღიზიანებელია, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ როცა ოპონენტები კრიმინალის გაუარესებაზე საუბრობენ, აუცილებელია, მათ შეახსენო ის სტატისტიკა, რაც იყო რამდენიმე წლის წინათ და შეადარონ დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებს".

ალექსანდრე ჭიკაიძე ალიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ არ აპირებს, დაუბრუნდეს წარსულს და კიდევ ერთხელ შეახსენოს ადამიანებს, "რა ხდებოდა 2012 წლამდე". მისი თქმით, ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება დღეს, რა ამოცანების წინაშე დგას შსს და როგორ აპირებს კრიმინალთან ბრძოლას.

"კრიმინალი ყოველთვის მოხდება და ყველა შემთხვევის პრევენცია თითქმის შეუძლებელია", - აცხადებს შს მინისტრი.

კომენტარები