შს მინისტრის ინტერვიუ

ჭიკაიძე: ენმ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გეგმავს

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, "გარკვეულ პოლიტიკურ ძალებში იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედებები". როგორც ჭიკაიძემ ალიასთან საუბარში თქვა, "ისინი ცდილობენ დესტაბილიზაციას და დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას". მისი განცხადებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. ჭიკაიძის ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები".

კითხვაზე, "თქვენ ადასტურებთ, რომ კონკრეტული ძალები ემზადებოდნენ სახელმწიფო დამხობისთვის, ვინ არიან ეს ძალები?", შს მინისტრი პასუხობს, რომ ეს ძალა უკავშირდება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს.

"ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები ნაციონალური მოძრაობის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებულ თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდაპარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები გასცა. მიხეილ სააკაშვილს გაცემული აქვს დავალებები, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც, თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის, პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები. მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა. გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიულ მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია, შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიასა და დიპლომატიურ საზოგადოებაში. მაგალითად, თავისუფალი ზონის წევრებს დაევალათ, სასწრაფო დახმარების ექიმისგან მიიღონ ინფორმაცია პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისთვის", - აცხადებს ჭიკაიძე ალიასთან საუბარში და აღნიშნავს, რომ სააკაშვილისვე დავალებით, "ქაოსის შექმნის გეგმაში" უნდა ჩაერთონ ეროვნული უმცირესობები.

"უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში. ეს არის ნაწილი იმ გეგმის, რასაც სააკაშვილი აპირებს. ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია. ისინი ვერც ილუზიას შექმნიან, თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია. მათი სურვილები დარჩება სურვილებად, დღეს საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, ბევრი მათგანის აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათ საქმიანობას პატივს ვცემ, მაგრამ თავისუფალი ზონა, პიკასოს კლუბი, დროა, აპრიორი, სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია. ყველამ გაიგოს, რომ ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დასჯება", - აცხადებს შს მინისტრი.

კითხვაზე, რას აკეთებს სამინისტრო ამის პრევენციისთვის? შს მინისტრი პასუხობს, რომ "ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიდინარეობს გამოძიება. გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე, მეტს ვერ დავკონკრეტდები".

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დესტაბილიზაციის მცდელობაში რამდენიმე თვის წინაც დაადანაშაულა. როგორც 7 აპრილს, ალექსანდრე ჭიკაიძემ გაზეთ პრაიმტაიმნიუსთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება". მაშინ ჭიკაიძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "იგეგმება ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებმაც, შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება".

აღნიშნულთან დაკავშირებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შს მინისტრი პარლამენტში დაიბარა, თუმცა, ის დეპუტატებთან შეხვედრაზე არ მივიდა. 25 ივლისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ, ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა, რომ ”ზოგადად, ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ იყო. საკმარისი მტკიცებულებები მქონდა მე. მყავს მეგობრები, რომლებიც თქვენთანაც მეგობრობენ და ბევრი რაღაცა დაფარული, დახურული არ რჩება. ესაა ჩემი პასუხი”.

კომენტარები