საქართველო - უკრაინა

ალასანია: თუკი უკრაინას რაიმე სჭირდება, ჩვენ გვერდში დავუდგებით

თუკი უკრაინას რაიმე სჭირდება, ჩვენ დავუდგებით გვერდში, რადგან არასდროს დაგვავიწყდება ის, როგორ დაგვიდგა გვერდში უკრაინელი ხალხი - თქვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა არჩევანში სტუმრობისას.

კითხვაზე, გაუწევს თუ არა საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას, თავდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ მსგავს თემებზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო, თუმცა უკრაინის მთავრობამ იცის, რომ თუკი რაიმე დასჭირდება, საქართველო გვერდში დაუდგება:

„ამას მაინც ქვია ჰუმანიტარული პოლიტიკური მხარდაჭერა. როდესაც თავდაცვის უწყებებზე ვსაუბრობთ, სიფრთხილეა საჭირო. ჩემი აზრით, თავდაცვის მინიტრი პირველ პლანზე არ უნდა იყოს წამოწეული. საგარეო უწყების და სხვა პოლიტიკური სამინისტროების ხელმძღვანელები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ღია დიალოგში ჩართული, თუ როგორ ვეხმარებით. არცერთი თავდაცვის მინისტრი, მათ შორის საქართველოსი, არ არის მთავრობის მთავარი სპიკერი ასეთ საკითხებზე. მაგრამ მინდა დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ უკრაინის მთავრობამ, თვდაცვის მინისტრმაც მათ შორის, იცის, რომ თუკი რამეს ჭირდებათ და როდესაც სჭირდებათ და ისინი კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებენ, ჩვენ დავუდგებით გვერდში. იმიტომ, რომ არასდროს დაგვავიწყდება ის, როგორ დაგვიდგა გვერდში უკრაინელი ხალხი, როდესაც საქართველოს წინაღმდეგ აგრესია იყო 90-იან წლებში, აფხაზეთში თუ ცხინვალში. ჩვენ ამ მადლიერებას ყოველთვის გამოვხატავთ", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, უკრაინაში საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელიც აპირებს ჩასვლას:

„მე მქონდა შეხვედრა ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრთან, უახლოეს პერიოდში ერთობლივ წვრთნებზე, სადაც ასევე ევროპელი მოკავშირეები მიიღებენ მონაწილეობას, გაემგზავრება საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეული. ასევე სტუმრად ჩავა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი. მე შეთანხმებებს მივაღწიე ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, რომ ყველა შესაძლო მოთხოვნა, რაც მათ ექნებათ საქართველოს მიმართ, ეს არის ინსტიტუციური მოწყობა, გამოცდილება, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაგვიგროვდა, გამოცდილება, რაც ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისას მივიღეთ, გადავცეთ მათ და ეს ურთიერთობა უკვე შემდგარია".

ირაკლი ალასანიამ აღნიშნა ისიც, რომ „გარდა ადამიანური გრძნობებისა, ჩვენ სასიცოცხლო ინტერესებში შედის, რომ უკრაინა იყოს წარმატებული, რომ რუსეთმა გადაიხადოს რაც შეიძლება მეტი ფასი იმ აგრესიისთვის, რასაც ის დღესაც აგრძელებს უკრაინაში."

კომენტარები