ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კუბლაშვილი: სოფელ ორბეთში კრიმინალებს შსს-ს თანამშრომელი მფარველობს

chveniambebi.info

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ორბეთში კრიმინალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მფარველობს. როგორც კუბლაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ორბეთში მოსახლეობამ შეაგროვა 144 ხელმოწერა. კუბლაშვილის ინფორმაციით, ისინი პოლიციისგან ითხოვენ, დაიცვან მეზობელ სოფელში მცხოვრები ძმები ბექაურებისგან.

"სოფელი აცხადებს, რომ ისინი არიან ტერორის, მუქარის, შიშის ქვეშ. მაისის თვეში ძმებმა ბექაურებმა მოკლეს ორბეთის მკვიდრი მიხეილ წიკლაური. ამ საქმეზე არათუ დამნაშავეები არ არიან დაკავებულები, რეალურად გამოძიებაც კი არ მიმდინარეობს. გამოძიებაზე საუბარი დაიწყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გააშუქა ეს ფაქტი, მაგრამ თავიდანვე არასწორი გზით წავიდა გამოძიება. როდესაც არსებობს ჩვენება, როგორ ურტყამდა მაშინდელი სოფლის რწმუნებული მამუკა ბექაური არმატურას მიხეილ წიკლაურს და ცემის კვალიფიკაცია მისცეს ფაქტს, ეს ნიშნავს იმას, რომ მამუკა ბექაურის დასჯა არ უნდათ და ვიღაც ხელს აფარებს. მთელი სოფელი დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანების დასჯა შეუძლებელია, რადგან მათ მფარველობს შს მინისტრის დის ქმარი, ვინმე მიხეილ წამალაშვილი, რომელიც მუშაობს შსს-ში და ახლო მეგობარია ძმები ბექაურების", - განაცხადა კუბლაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თქმითვე, სერგო ბექაურზე პირდაპირი ჩვენება არსებობს, რომ სწორედ მან დაარტყა დანა მიხეილ წიკლაურს. კუბლაშვილის ინფორმაციით, ბექაურს 11 წელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა, საყოველთაო ამნისტიით გაათავისუფლეს.

"შემდეგ რაც მოხდა სოფელში, უკვე აღვწერეთ. მინდა ცალსახად ვთქვა, ასე ჩნდება დაუცველობის განცდა მოსახლეობაში, დაუსჯელობის სინდრომი კრიმინალში, პოლიციის დემორალიზაცია. ეს არის ის საკითხი, რაზეც შსს-მ ყურადღება უნდა გაამახვილოს. როცა შს მინისტრის მოადგილე გამოდის და ამბობს, რომ თურმე აშშ-ში უნახავს სოფელი, სადაც პოლიცია ვერ შედის, აგერ, არ არის შორს, რამდენიმე კმ-ში არის სოფელი ორბეთი, სადაც პოლიცია არ არსებობს, ამ სოფლის მკვიდრთათვის სახელმწიფო არ არსებობს, რადგან ვერ იცავს კრიმინალისგან. ეს არის პრობლემა და ამაზე უნდა აგოს პასუხი შს მინისტრმა. ჟურნალისტებს და ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის სახელმწიფოს და პოლიციის გაძლერება, დაინტერესდით ამ ფაქტით. დაინტერესდით, როგორ ხდება დღესაც ბექაურების მხრიდან ზეწოლა გარდაცვლილის ოჯახის წევრებზე, რატომ დადიან ისევ თავისუფლად და ატერორებენ სოფელს? ეს არის თემა, რომელიც პრობლემას ქმნის საქართველოში და ვინმემ კი არ მოიგონა, იმ 144 ადამიანის თვალით დანახული პრობლემაა, ვინც ამ სოფელში ცხოვრობს", - აცხადებს კუბლაშვილი.

კომენტარები