გაეროს გენერალური ასამბლეა

რატიანი: პრეზიდენტიც და პრემიერიც საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ

news.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის შეფასებით, "პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ზრუნავენ არა საგარეო ურთიერთობებზე, არამედ პირად ინტერესებზე, თუ ვინ როგორ გამოჩნდება და ვინ სად წავა". როგორც რატიანმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ორი დელეგაციის გამგზავრების შესახებ თქვა, კანონმდებლობით, ქვეყანას პრეზიდენტი უნდა წარმოადგენდეს, თუმცა მთავარი ის არის, რომ პრემიერიც და პრეზიდენტიც საერთო საქმეზე ზრუნავდეს. 

"ხელისუფლების ამ ორ შტოს არ ამოძრავებს ზრუნვა ნაციონალური ინტერესებისა და ქვეყნის ინტერესებზე, ისინი ზრუნავენ საკუთარ ინტერესებზე, თუ ვინ როგორ გამოჩნდება და ვინ სად წავა. არსებობს კანონი და ამ კანონით არის დარეგულირებული, ვინ სად მიდის და ვის რა როლი ეკისრება საგარეო ურთიერთობებში. ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ორივე საერთო საქმეზე უნდა ზრუნავდეს. როდესაც ამას ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოება ვერ ხედავს, ეს ძალიან შემაშფოთებელია", - განაცხადა რატიანმა და აღნიშნა, რომ საგარეო ურთიერთობებზე უნდა თანამშრომლობდეს არა მარტო პრეზიდენტი და მთავრობა, არამედ ოპოზიციაც. 

"ის, რაც ხდება დღეს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, არის სამარცხვინო. ეს არის არა თანამშრომლობა, არამედ პირად ინტერესებზე ზრუნვა", - თქვა დეპუტატმა. 

გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით 26 სექტემბერს გამოვა. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმება, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს. 

ამასთან, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ აშშ-ში მისი ვიზიტი შედგება.

კომენტარები