ომიუკრაინაში

იაცენიუკი: შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გარდაუვალი გახდეს

არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობა დადგება.

„იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს სამშვიდობო გეგმა, რომელსაც მხარს უჭერს ევროკავშირი და აშშ და ამ გეგმას ასრულებს რუსეთი, მაშინ საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. ხოლო თუ ეს მოლაპარაკებები ისე დამთავრდება, როგორც წინა მოლაპარაკებები დასრულდა, მაშინ სხვა ვარიანტი ვერ განიხილება“, - განაცხადა იაცენიუკმა.

იაცენიუკის აზრით, საგანგებო მდგომარეობის დადებითი მხარე ისაა, რომ მთელი ქვეყანა ომისთვის მობილიზებული იქნება. რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, იაცენიუკი თვლის, რომ საგანგებო მდგომარეობის გადაწყვეტილებას ქვეყნის დასავლელ პარტნიორებში უკმაყოფილება მოჰყვება.

“ჩვენი დასავლელი პარტნიორები იტყვიან, რომ ეს არასწორია, რადგან ჩვენ ჩვენს თავს გადავუკეტეთ მოლაპარაკებების ჩატარების, სამშვიდობო გეგმის და ამ მდგომარეობის არასაომარი მეთოდებით მოგვარების არხები“, - განაცხადა იაცენიუკმა.

პრემიერმინისტრის თქმით, რეალური მოლაპარაკებები სამი მნიშვნელოვანი პუნქტისგან უნდა შედგებოდეს.

„რეალური მოლაპარაკებებისთვის სამი საბაზო პირობა უნდა განხორციელდეს: პირველი - არ ისვრიან. მეორე - პუტინს გაყავს დაქირავებულები, არმია და ტექნიკა. მესამე - უკრაინა აღადგენს სრულ კონტროლს სახელმწიფო საზრვრებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

იაცენიუკის აზრით, რუსეთის მიზანი უკრაინის თავის გავლენის სფეროში დაბრუნებაა, იქნება ეს სამხედრო ან პოლიტიკური დაპყრობით თუ სახელმწიფოს სრული განადგურების გზით.

კომენტარები