ჰეიგელის ვიზიტი საქართველოში

ჰეიგელი: NATO-სთან ახლო კავშირი მნიშვნელოვანია პუტინის საშიში ნაბიჯების ფონზე

ჩაკ ჰეიგელი
facebook.com/mod.gov.ge

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აქცენტი დასვა NATO-ს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ თანამშრომლობის ახალი პაკეტის მნიშვნელობაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ალასანიას ქართული მხარის მიერ გადასადგმელ იმ ნაბიჯებზე ესაუბრა, რაც აშშ-ისგან საქართველოსთვის შვეულმფრენების მისაღებად არის საჭირო.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს მეგობრობისა და თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენ ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს. განსაკუთრებით ვაფასებ თბილისში ჩამოსვლას უშუალოდ NATO-ს სამიტის შემდეგ, სადაც მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გზაზე.

მინისტრ ალასანიასთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, ჩვენი მიზანია უფრო გავაძლიეროთ ეს კავშირი რუსეთის ღია აგრესიის ფონზე უკრაინაში.
10 წელზე მეტია ჩვენი ჯარისკაცები ერთად იბრძვიან მშვიდობისთვის , ამან ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა გააძლიერა. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ კონტრიბუციისთვის რასაც კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში აკეთებდით და აკეთებთ.

რადგან საქართველოს აშშ-ის ერთგული მეგობარია, ჩვენ მზად ვართ სრულად დაგეხმაროთ ევრო ატლანტიკურ ინტეგრაციაში, მათ შორის NATO-ს წევრობის გზაზე. მე და მინისტრმა განვიხილეთ უელსის სამიტზე საქართველოს მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი. ამ პაკეტის სამიტზე მიღება აშშ-ს პრიორიტეტი იყო, ჩვენ მზად ვართ ამ პაკეტის ამუშავებაში სერიოზული წვლილი შევიტანოთ.

ეს პაკეტი გულისხმობს თავდაცვის სფეროში გაზრდილი შესაძლებლობების განვითარებას, ასევე კავშირების გამყარებასა და თავსებადობის ზრდას.

საქართველო არის ერთ-ერთი იმ ხუთი სახელმწიფოდან, რომელმაც მიიღო მზარდი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსი. ალიანსში ახალი სტატუსი დაეხმარება საქართველოს NATO-ს წევრობის გზაზე.

ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან. დღეს მე და მინისტრმა განვიხილეთ ის საჭირო ნაბიჯები საქართველოსგან, რაც საჭიროა იმ შვეულმფრენების მისაღებად, რომლებსაც საქართველო ითხოვს.

ახლო კავშირები NATO-სა და საქართველოს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეზიდენტ პუტინის საშიში და უპასუხისმგებლო ნაბიჯების ფონზე.

ყირიმის უკანონო ანექსიამ და რუსეთის მიერ მართულმა სამხედრო მოქმედებებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დიდი დარტყმა მიაყენა სტაბილურობას და წარმოადგენს დიდ საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები საქართველოს ნაწილად აღიარებულ ტერიტორიებზე" - განაცხადა ჰეიგელმა პრესკონფერენციაზე.

პენტაგონის ხელმძღვანელი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ამ რანგში ჰეიგელის ვიზიტი საქართველოში პირველია. აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკანასკნელად საქართველოში 2003 წელს იმყოფებოდა. პენტაგონს მაშინ დონალდ რამსფელდი ხელმძღვანელობდა. "ცხადია, საქართველო იზიარებს ჩვენს შეშფოთებას უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამო და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება", - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა 29 აგვისტოს, ჰეიგელის საქართველოში ჩასვლის დაანონსებისას.

კომენტარები