ჰეიგელის ვიზიტი საქართველოში

ალასანია: გაძლიერებული შესაძლებლობების პაკეტი უახლოეს პერიოდში განხორციელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ჩაკ ჰეიგელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ალასანიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული პატივია მიიღოს ქვეყნის ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ძლიერი და კარგი მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი. ალასანიამ ასევე თქვა, რომ საქართველო - ამერიკის ურთიერთობები ბოლო 20 წლის განმავლობაში სულ უფრო ძლიერდებოდა და ყოვლისმომცველი ხდებოდა.

"ჩვენ ერთად ბევრი საერთაშორისო ოპერაციის მონაწილე ვართ - ვიყავით ერთად ერაყში, დღესაც ერთად ვიცავთ ავღანეთისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. მე მინდა აღვნიშნო, რომ ის ნდობა, რომელიც არის ჩვენს სამხედროებს შორის, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს შორის არის ძალიან დიდი. აქედან გამომდინარე, სხვა უფლება არ გვაქვს პოლიტიკურ ლიდერებს თუ არა უფრო დავაახლოოთ ორი ქვეყანა ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხილულია როგორც ყველაზე სანდო მოკავშირე და პარტნიორი.

ჩვენ ერთად ვიყავით NATO-ს სამიტზე, სადაც NATO-მ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილებები და საქართველო გახდა კიდევ ერთი ახალი, ყველაზე უფრო თავსებადი ლიგაში.

მინდა განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოვხატო თავად ბატონი თავდაცვის მდივნის მიმართ. ჩვენთან არის ლიდერი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვიის ბრძოლაში ჭრილობები აქვს მიღებული და ყველას, ვისაც ომი გამოგვივლია და ასეთი ბევრია საქართველოში, ვიღებთ მას როგორც საკუთარ თანამებრძოლს.

ბატონო მდივანო, ჩვენთვის პატივია, რომ დღეს აქ ხართ. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები" - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ჰეიგელთან უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო აგრესიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მხარეებმა აღნიშნეს, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის რუსეთის ქმედებები ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, ევროპულ უსაფრთხოებასა და უშუალოდ საქართველოს უსაფრთხოებას.

"შევთანხმდით, რომ ერთობლივად, კოორდინაციაში ვიმოქმედებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოძმე უკრაინელ ხალხს აღმოვუჩინოთ ყველა დახმარება, რაც მათ სჭირდებათ.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით იმ მიღწეულ შეთანხმებას, რომ შეწყდეს ცეცხლი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში პროცესები განვითარდება მშვიდობიანი გზით.

ვისაუბრეთ ერაყში შექმნილ ვითარებაზე. ის თუ რა ხდება დღეს ერაყში, არის საფრთხე არა მარტო ერაყელებისა და სირიელებისთვის, არამედ არის საფრთხე მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ევროატლანტიკური სივრცისთვის და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მოკავშირე, სრულად მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კოალიციის გადაწყვეტილებას - დაიწყოს სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ერაყში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.

მინდა გითხრათ, რომ ყველა აღვიქვამთ იქ მიმდინარე მოვლენებს, როგორც საფრთხეს საკუთარი ქვეყნის მიმართ და ეს ბოროტება უნდა იქნას აღმოფხვრილი. ამაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს და, რა თქმა უნდა, ერაყელ ხალხს ექნება ჩვენი თანადგომის იმედი.

ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაზე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე და ის გაძლიერებული შესაძლებლობების პაკეტი, რომელიც NATO-მ მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობით, იქნება განხორციელებული უახლოეს პერიოდში.

კიდევ ერთხელ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ჰეგელს და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოს სჭირდება თანადგომა ჩვენი ძლიერი პარტნიორი არის ჩვენს გვერდით.

მინდა გავიხსენო 2008 წელი, როდესაც საქართველო აგრესიის მსხვერპლი იყო, სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, რომელიც გვერდში დაგვიდგა და შეაჩერა აგრესია. მან, ასევე, გაიღო დიდი ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის, ერთი მილიარდი დოლარი, რომელმაც ჩვენი ეკონომიკა იმ დროს გადაარჩინა.

ბატონო თავდაცვის მდივანო, მგონი, უკვე შევთანხმდით, რომ თქვენ აქ საკუთარ სახლში ხართ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის" - მიმართა ალასანიამ ჰეიგელს.

კომენტარები