ჰეიგელის ვიზიტი საქართველოში

ჰეიგელმა და ალასანიამ რეგიონის უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი განიხილეს

ჩაკ ჰეიგელი
facebook.com/mod.gov.ge

თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეიგელის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეგელს შორის შეხვედრა გაიმართა.

"ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოხატა, რომ აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას კვლავ აქტიურად გააგრძელებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე გამახვილდა, რომელიც საქართველომ NATO-ს უელსის სამიტის შედეგად მიიღო. მხარეებმა პაკეტით გათვალისწინებული მექანიზმების იმპლემენტაციაზე ისაუბრეს. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების განხორციელებით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდება და ქვეყნის უსაფრთხოება გაიზრდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს პაკეტით განსაზღვრული მექანიზმების განხორციელების პროცესში ამერიკული მხარის დახმარება აღუთქვა. ჩაკ ჰეიგელმა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული პაკეტი დადებითად შეაფასა.

განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და უკრაინის კრიზისი იყო. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო ყირიმის ანექსია და რუსეთის აგრესია აღმოსავლეთ უკრაინაში.
ყურადღება გამახვილდა ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაზეც. ირაკლი ალასანიამ ამერიკელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, რომ ქართული სამხედრო კონტინგენტი 2015 წლიდან "გადამწვეტი მხარდაჭერის" მისიაში მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის მდივანმა ირაკლი ალასანიას ქართველი სამხედროების მიერ ISAF-ის მისიაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის როლი დაჭრილი ქართველი სამხედროების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოში სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარებაში.

ჩაკ ჰეიგელთან გამართულ შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს ელჩი აშშ-ში, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. აშშ-ის მხრიდან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის გენერალურმა მდივანმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს" - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები