რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაგეგმილ სანქციების ახალ ტალღას რუსეთი აუცილებლად უპასუხებს. „ევროკავშირის მხრიდან ახალ სანქციებს, თუ მათ მიიღებენ, ჩვენი მხრიდან რეაქცია, რათქმაუნდა, მოჰყვება რეაქცია" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის განცხადებაში.
როგორც რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, მოსკოვი ახალ სანქციებს შეაფასებს, როგორც ევროპის მხრიდან, მინსკში, კონფლიქტის დასარეგულირებლად მიღწეული შეთანხმებების პასუხს. კრემლის განცხადებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ მისი ხელმძღვანელობა ძველებურად უჭერს მხარს „ომის პარტიას კიევში" რომელსაც არ აწყობს მინსკის შეხვედრის შედეგები.
რუსეთს ახალ სანქციებს ორშაბათიდან დაუწესებენ. „ეს არის შემზღუდველი ზომების ახალი პაკეტი, რომელიც ევროკავშირში წევრ-სახელმწიფოთა მუდმივ წარმომადგენლებთან შეთანხმდა. ახალი სანქციები გაზრდის დღევანდელი ზომების ეფექტურობას. ახალი პაკეტი მიმართულია რუსეთის მადესტაბილიზებელი კურსის წინააღმდეგ უკრაინაში" - ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ჰერმან ვან რომპუისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზემანუელ ბაროზოს ერთობლივ ღია წერილში.
სანქციები ასევე მოიცავს რუსი ოფიციალური პირების გაფართოებულ სიას, რომელთაც სავიზო და საბანკო შეზღუდვები დაუწესდებათ. სანქციებს შორის იქნება საკრედიტო შეზღუდვები რუსულ კომპანიებზე და ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტის აკრძალვა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სანქციები დაწესდება მინსკში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, თუმცა მათი გაუქმება ნებისმიერ წუთს შეიძლება. შეგახსენებთ რომ პარასკევ საღამოს უკრაინაში ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი რეჟიმი, რაც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინიციატივა იყო.





