უელსის სამიტი

ბარამიძე: საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და MAP-ს დიდი ხანია იმსახურებს

pirveliradio.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უელსის სამიტთან დაკავშირებით გიორგი ბარამიძის განცხადებას ავრცელებს. ბარამიძის თქმით, NATO-სთან პარტნიორული ურთიერთობის განმტკიცება კარგია, მაგრამ არასაკმარისი.

"საქართველომ ყველა პირობა შეასრულა და MAP-ს დიდი ხანია იმსახურებს, თუ წევრობას არა. MAP-ის არმინიჭებით NATO-მ ჩიკაგოში მიღებულ საკუთარ კომუნიკეს არ სცა პატივი და რუსეთის მიმართ ისევ დაუმსახურებელი დათმობის ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს მთავრობა წინასწარ შეურიგდა ამ წარუმატებლობას. სამიტის წინ თვეების განმავლობაში MAP-ის ხსენებაც კი არ ყოფილა მთავრობის წევრების მხრიდან, აქაოდა მოლოდინი არ გავზარდოთო. ეს საოცარი სიბრიყვეა, რადგან ამავე ლოგიკით, მთავრობამ აღარც დეოკუპაციაზე და უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევაზე უნდა ისაუბროს, რაც აბსურდია.

საჯარო პოლიტიკურ პროცესში, თუ მიზნის მიღწევას მართლა აპირებ, აუცილებელია ამ მიზნის საკუთარი და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მკაფიოდ გაცხადება. ესეცაა სამიტზე ამ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი.

ვწუხვარ, რომ ქვეყანას ასეთი არაკვალიფიციური და არაეფექტიანი მთავრობა ჰყავს, რის გამო ბევრს ვკარგავთ და მრავალ მნიშვნელოვან მიზანს ვერ ვაღწევთ", - აცხადებს ბარამიძე.

კომენტარები