რეზოლუცია უკრაინაზე

ენმ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებულ რეზოლუციის ტექსტს ეწინააღმდეგება

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

საქართველოს პარლამენტის მიერ, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის ტექსტის შინაარსს უმცირესობის წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა უარს ამბობს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სამყაროს მიერ დაკისრებულ სანქციებს. მინაშვილის აზრით, ტექსტში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის მიზეზი პუტინის რეჟიმია და მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პრინციპები შეასრულოს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის ტექსტი 6 პუნქტისგან შედგება. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, რუსეთი არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთსა და უკრაინას შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების პერსპექტივა კი საფრთხეს უქმნის როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი:

1. კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას უკრაინის ხელისუფლებასა და ხალხს. ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობისადმი.

2. სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატულ პოზიციას უკრაინაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მის ძალისხმევას უკრაინის დასახმარებლად.

3. გმობს აგრესიას სუვერენული უკრაინის მიმართ, რაც არამარტო ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, არამედ შეუქცევადს ხდის საომარი მოქმედებების ესკალაციის პროცესს, რაც კატასტროფულ შედეგს მოუტანს საერთო ევროპულ უსაფრთხოებას.

4. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე და მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობას, ისევე როგორც უკრაინის ხელისუფლების ძალისხმევას კრიზისის მოლაპარაკების გზით დაძლევის უზრუნველსაყოფად.

5. მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსი უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და აგრესიის შეჩერების, დაძაბულობის დეესკალაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების მიზნით.

6. მოუწოდებს ნატო-სა და ევროკავშირს მიიღოს ეფექტური ზომები, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს და მოლდოვას უსაფრთხოების გაძლიერების და ამ მიზნით ერთიანი ევროატლანტიკურ სისტემაში ინტეგრაციის დაჩქარებისთვის.

პარლამენტის პრესსამსახურმა ტაბულას რეზოლუციის ტექსტი არ გამოუგზავნა და აღნიშნა, რომ მასში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს.

კომენტარები