რეზოლუცია უკრაინაზე

ჯაფარიძე: სიტყვა ”სანქციები” უმრავლესობისთვის წითელი ხაზი აღმოჩნდა

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

”სიტყვა ”სანქციები”  რატომღაც აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვა უმრავლესობამ ვერ შეძლო”,-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის   სხდომაზე  უკრაინის საკითხთან დაკავშირებული რეზულუციის თემაზე საუბრისას განაცხადა.

”რამდენიმე პრინციპული განსხვავება ტექსტში, რომელსაც ჩვენ გვთავაზობდა უმრავლესობა: არ არის საუბარი უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის მცდელობაზე და არ არის საუბარი რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე და იზოლაციის გზით რუსეთის იძულებაზე, რომ დატოვოს ერთის მხრივ უკრაინის ტერიტორია, ხოლო მეორე მხრივ დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. არ არის საუბარი სანქციების მოთხოვნაზე რუსეთის წინააღმდეგ.   სიტყვა ”სანქციები”  რატომღაც აღმოჩნდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვა უმრავლესობამ ვერ შეძლო”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით,  პრინციპული საკითხია, რომ რეზოლუციაში ზოგადი ტექსტის ნაცვლად სანქციებზე იყოს საუბარი.

”კარგია მე რაც ვნახე  ბოლო ტექსტი უმრავლესობის მომზადებული, რომ თქვენ ტექსტში საბოლოო ჯამში მაინც დათანხმდით და მოახვედრეთ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი და მიაბით ეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, რასაც უმცირესობა ითხოვს - სანქციებზე ყურადღების გამახვილება,  არ არის  ”რაღაც ექსტრაორდინარული.”  როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რუსეთის წინააღმდეგ  სანქციებზე არაერთი ქვეყნის ლიდერი საუბრობს.

”რაღაც განსაკუთრებულს ჩვენ არ ვითხოვდით, ვთვლით, რომ ეს არის პრინციპული განსხვავება რაღაც ზოგად განცხადებასა და კონკრეტულ  მოთხოვნას შორის, იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ  არცერთ სხვა  ქვეყანას, ისე როგორც საქართველოს, არ ესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც შენი ქვეყნის ეტრიტორია არის ოკუპირებული და ოკუპანტ ქვეყანას დასავლეთმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ  დაუწესოს სანქციები. იმიტომ, რომ სხვა გზა რუსეთის იძულების, რომ მან მოახდინოს ტერიტორიების დეოკუპაცია და შეწყვიტოს სამხედრო აგრესია, ბუნებაში არ არსებობს. ზოგადი განცხადებების გაკეთებას აზრი არ აქვს. მთავარია კონკრეტული მოქმედებების მოთხოვნა, ისეთის როგორც არის სანქციები”,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მანვე  აღნიშნა, რომ ერთობლივი რეზოლუციის ტექსტზე შეთანხმება შესაძლებელი იქნებოდა, რადგან მოლაპარაკებებიდან გამოჩნდა, რომ უმრავლესობაში იყვნენ დეპუტატები , რომლებიც უმცირესობის  პოზიციას იზიარებდნენ.

”მაგრამ როგორც ჩანს იქ არის უმრავლესობა, რომელიც უფრო ლოიალურია რუსეთის მიმართ, ვიდრე საქართველოს ინტერესების მიმართ და ამის გამო ვერ მოხდა შეთანხმება.

საბოლოო ჯამში ამ რეზოლუციაზე დისკუსიამ აჩვენა ერთი ძალიან კონკრეტული რამ: აჩვენა ის, რომ ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს საკითხი აღარ უნდა ფიგურირებდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის პრობლემურ საკითხთა ჩამონათვალში -ეს პოლიტიკა ფუნდამენტურად მცდარია”,-განაცხადა ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის საკითხზე უმრავლესობამ და უმცირესობამ შეთანხმებას დღესაც ვერ მიაღწიეს. ნაციონალური მოძრაობა რეზოლუციაში საქართველოს დეოკუოპაციისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მითითებას ითხოვდა. უმრავლესობამ კი, ალტერნატიული დოკუმენტი შეიმუშავა. გადაწყდა, რომ ორივე მათგანს კენჭს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უყრიან. 

 

კომენტარები