ევროკავშირი

ეშტონის ნაცვლად პრორუსი მოგერინის დანიშვნას აღმ.ევროპაში არ ეთანხმებიან

telegraph.co.uk

”პრორუსი” ფედერიკა მოგერინის დანიშვნას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე, აღმოსავლეთევროპული ქვეყნები ეწინააღმდეგებიან, - ამის შესახებ euobserver-ი წერს.

ბრიუსელში ევროკავშირების ლიდერების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ლიდერებმა იდავეს, თუმცა ორგანიზაციის უმაღლეს პოსტებზე სასურველ კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ.

”უკეთესია, უბრალოდ SMS გამოაგზავნონ, ასე ოფიციალური ფრენის ფულს დავზოგავთ. თუმცა ეს ვიზიტი მშვენიერი შესაძლებლობა იყო, ანგელა მერკელს შევხვედროდით და დაბადების დღე პირადად მიგველოცა”, - ასე შეაჯამა იტალიის პრემიერმინისტრმა მატეო რენციმ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა.

მართლაც, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერებმა გერმანიის კანცლერს მე-60 დაბადების დღე მიულოცეს, თუმცა მთავარი საქმე ვერ გააკეთეს და ევროკავშირის ტოპ პოზიციები კვლავაც ვაკანტურია, - ამის შესახებ euobserver-ი წერს.

ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტად ჟან კლოდ იუნკერის კანდიდატურა მიიღო, თუმცა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრების ევროპული ჯგუფის პრეზიდენტის პოსტების მომავალი მფლობელები კვლავაც უცნობია.

დაბრკოლება და კამათის უმთავრესი საგანი საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელის პოსტზე ფედერიკა მოგერინის წარდგენა გახდა. იტალიის საგარეო ურთიერთობათა მინისტრის კანდიდატურას პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უნდობლობა გამოუცხადეს. მათი აზრით, მოგერინი გამოუცდელი და ზედმეტად პრორუსია.

ამას ისიც დაემატა, რომ სამიტის წინ ფედერიკა მოგერინი მოსკოვს ეწვია და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით ”სამხრეთის ნაკადის” მილსადენის თემაზე ისაუბრა.

მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელის პოსტზე მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი უნდა იყოს. თუმცა ევროკავშირის სხვა ლიდერებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. ბრიტანეთს არ სურს, მორიგი ჩხუბის ცენტრში აღმოჩნდეს და დამარცხდეს, ისე როგორც ეს ჟან კლოდ იუნკერის კანდიდატურის შემთხვევაში მოუვიდა. გერმანიის მთავარი საფიქრალი ევროპული საბჭოს პრეზიდენტად სასურველი კანდიდატის არჩევაა. საფრანგეთს გარანტიები სურს, რომ მათი კომისიონერი, პიერ მოსკოვიცი, საბჭოში უმაღლეს ეკონომიკურ პოზიციას მიიღებს.

თუმცა, დიდი ალბათობით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში გახდება, თუკი პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ან ბალტიისპირეთის ქვეყნების რომელიმე ლიდერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

Euobserver-თან საუბარში ევროკავშირიდან წყარომ განაცხადა, რომ მოგერინის თითქმის გარანტირებული აქვს პოსტი, რაც შეეხება ტუსკს, აქ ჯერჯერობით მეტი კითხვის ნიშანი არსებობს.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი და გერმანიის კანცლერი ტუსკის დანიშვნას ემხრობიან. ზოგიერთი დიპლომატი მის სუსტ ინგლისურს უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ენის კარგად არცოდნა მას ბრიუსელში ხელს შეუშლის. თუ ტუსკი პოსტზე უარს იტყვის, მაინც თითქმის გადაწყვეტილია, რომ ევროპული საბჭოს პოსტს აღმოსავლეთევროპული ქვეყნის წარმომადგენელი დაიკავებს. მთავარი კანდიდატები ლატვიის ყოფილი პრემიერმინისტრი ვალდის დომბროვსკისი და ესტონეთის ექსპრემიერი ანდრუს ანსიპი არიან, რაც მოგერინის დანიშვნის შემთხვევაში აუცილებელ ”ბალანსს” შექმნის.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი შეეგუა იმას, რომ საგარეო პოლიტიკის სადავეები ”სოციალისტს” ჩაბარდება და არა მის კანდიდატს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადეკ სიკორსკის.

თუმცა ბროკი თავის აზრზე რჩება და მიაჩნია, რომ მოგერინი ამ საქმისთვის გამოუცდელია. ტუსკთან დაკავშირებით კი გაიხუმრა და განაცხადა, რომ პოლონელი კანდიდატი ყოველთვის კარგი კანდიდატია. მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ძალიან მნიშვნელოვანი ”კარგი პოლიტიკური მესიჯი” იქნება, თუ ახალი წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი ევროკავშირის ერთ-ერთ უმთავრეს პოსტს დაიკავებს.

ევროკავშირში იტალიის წარმომადგენლობა რუსული ”სამხრეთის ნაკადის” მილსადენის იდეის მხარდამჭერია. ამ მილსადენით გაზი, უკრაინის ავლით, რუსეთიდან მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას უნდა მიეწოდოს.

”ჩვენ ვფიქრობთ, ”სამხრეთის ნაკადი” უნდა გაგრძელდეს. ეს ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას გააუმჯობესებს”, - განაცხადა იტალიის წარმომადგენელმა სანდრო გონციმ.

გონცის განცხადება ფედერიკა მოგერინის სიტყვების ექოა, რომელმაც მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსული მილსადენი იტალიის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ისევე როგორც მთლიანად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს. ამასთან, მოგერინიმ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი ოქტომბერში, მილანში აზიისა და ევროპის ლიდერების შეხვედრაზე დაპატიჟა.

”ჩვენ ”სამხრეთის ნაკადის” გაზსადენის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით ორმხრივი სურვილი გვაქვს. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ყველა წამოჭრილ კითხვას პასუხი გავცეთ, მათ შორის, ევროპული კომისიის კითხვებსაც”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოგერინისთან შეხვედრის შემდეგ.

ბულგარეთში მილსადენზე მუშაობა გასულ თვეს შეწყდა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის კომისიონერმა განაცხადა, რომ ეს პროექტი ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევდა. ენერგოკომისიონერმა გიუნტერ ოეტინგერმა იმ დროს ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე კრიზისმა პროექტზე გავლენა იქონია და ევროკავშირი ფრთხილობს მის გაგრძელებას.

უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენები, ”სამხრეთის ნაკადის” დასრულების შემთხვევაში, უკრაინას სატრანზიტო შემოსავლებს წაართმევს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში, გაზის 80%-ის ექსპორტიორი რუსეთი გახდება.

გაზის უკრაინული სადისტრიბუციო კომპანიის ნაფტოგაზის ყოფილი აღმასრულებლის, მიხაილ გონჩარის აზრით, ”სამხრეთის ნაკადის” მილსადენი, ”ჩრდილოეთის ნაკადთან” და ცოტა ხნის წინ გაკეთებულ რუსეთ-გერმანიის მილსადენთან ერთად რუსეთს ევროპაში გაზის დისტრიბუციაზე 100%-იან მონოპოლიას მისცემს.

გავლენიანი ევროპული ორგანიზაცია Counterbalance-ის წარმომადგენლის განცხადებით, "სამხრეთის ნაკადს" არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებასთან და აქ უბრალოდ დიდი ფინანსური ინტერესი არსებობს.

თავის მხრივ, უკრაინის ელჩი ევროკავშირში კოსტანტინ იელისეიევი აცხადებს, რომ სტრატეგიული სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, მილსადენის პროექტისთვის მწვანე შუქის ანთება ევროკავშირის მხრიდან ორმაგი სტანდარტებით მოქმედება იქნება. მან "სამხრეთის ნაკადის" მილსადენს პოლიტიკურად მოტივირებული პროექტი უწოდა და დასძინა, რომ იტალიამ ყურად უნდა იღოს ევროკავშირის იმ ქვეყნების წარმომადგენლების განცხადება, რომლებიც რუსულ მილსადენს ეწინააღმდეგებიან.

”ევროკავშირის თავმჯდომარემ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესი უნდა დააყენოს წინ. ამ პროექტს ყველა ქვეყანა არ უჭერს მხარს, ამიტომ მინდა დავსვა კითხვა - ეს პროექტი იტალიამ ევროკავშირის სხვა წევრებთან კოორდინაციით მიიღო თუ არა”, - განაცხადა იელისეიევმა.

კომენტარები