ომი უკრაინაში

უსუფაშვილი რუსეთის აგრესიაზე: მხოლოდ განცხადებები საკითხს ვერ მოაგვარებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "უკრაინაში, სამწუხაროდ, გრძელდება რუსეთის აგრესია, მათ შორის შეიარაღებული აგრესია". მისი თქმით, "ამის მოწმე ვართ ჩვენ რამდენიმე თვეა", თუმცა, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ "ბოლო ხანებში სამწუხაროდ დაიძაბა ვითარება".

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ პეტრო პოროშენკოს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ვერ აღმოჩნდა სიტუაციის დარეგულირებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

"ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მსოფლიომ, დემოკრატიულმა სამყარომ და მათ შორის საქართველომ უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რაც დღემდე იყო. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა, უკრაინელი ხალხის თავისუფალი არჩევანის უფლების უპირობო მხარდაჭერა და ყოველგვარი ძალადობის და აგრესიის დაგმობა, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი", - აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ "პოლიტიკური განცხადებები არ არის საკმარისი საკითხის მოსაგვარებლად".

"ამაზე მიუთითებს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის და წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების განცხადება, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. საქართველო, მისი მთავრობა პირველი დღიდანვე ამ კონფლიქტის განვითარების, ამ კონფლიქტის დაწყების ყოველდღიურ კოორდინაციაშია, ყოველდღიურ კონსულტაციებშია წამყვან სახელმწიფოებთან, წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან და ჩვენი პოზიციები, ჩვენი განცხადებები, ჩვენი ქმედებები შეთანხმებულია და არის სრულ ჰარმონიაში იმასთან, რასაც მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოება აკეთებს და გააკეთებს მომავალში. ეს არის უკრაინისათვის ჩვენი მხარდაჭერის საუკეთესო მხარდაჭერა და გზა, რომ ჩვენ ვიყოთ იმ საერთაშორისო მხარდაჭერის სისტემაში და კოორდინირებულ მოქმედებებში, რომელსაც ახორციელებენ ის სახელმწიფოები და ის ორგანიზაციები, რომელთაც შესწევთ უნარი რუსეთის აგრესიის შეჩერების. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება გააგრძელებს ამ პოლიტიკას, რომელიც არის უკრაინის, სიმართლის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლის მხარდამჭერი და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასახული გეგმის სრულ თანხვედრაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები