კრიზისი უკრაინაში

სააკაშვილი: ეს ომია, რატომ არ უწოდებს საერთაშორისო საზოგადოება თავის სახელს?

ამ მომენტში მე ვუზიარებ გამოცდილებას ჩვენს უკრაინელ ძმებსა და დებს იმის შესახებ, რაც ჩვენ საქართველოში ძალიან კარგად ვიცით: ათასობით რუსული ტანკი, საბრძოლო მანქანა და გრადის დანადგარები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ და ქალაქებს და სოფლებს ესხმიან თავს. მსოფლიოს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, რა უწოდოს ამ ყველაფერს. ეს არ არის სეპარატისტული კონფლიქტი, ეს არ არის ტერორისტული შეტევა, ეს „რუსეთის კონტრშეტევაც“ არაა, ეს შეჭრაა. ეს ომია. რატომ არ უწოდებს საერთაშორისო საზოგადოება ამას თავის სახელს? მე ვფიქრობ, დღეს ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაცები, ვიდრე ვიღაცის თავზე ყინულიანი წყლის გადავლება. უკრაინის, საქართველოსა და რუსეთის ყველა მეზობლის ბედი ახლა დონეცკში, ლუგანსკსა და მარიუპოლში წყდება. დიდება უკრაინას!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ესკალაციას საკუთარ FACEBOOK-ის გვერდზე ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის რეგულარული ჯარები უკრაინაში შედიან. მედიის ცნობით, გუშინ ღამით მათ ქალაქი ნოვოაზოვსკი აიღეს.

კომენტარები