ომი უკრაინაში

იაცენიუკი გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას და ახალ სანქციებს მოითხოვს

არსენი იაცენიუკი

უკრაინის პრემიერმინისტრი არსენი იაცენიუკი უკრაინაში რუსული ძალები შემოჭრასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევას მოითხოვს. პრემიერის თქმით, ასევე საგანგებო სხდომები უნდა გამართონ ეუთო-მ და ევროკავშირმა.  

იაცენიუკმა ასევე მიმართა უკრაინის პარტნიორებს თხოვნით, რუსეთის ყველა აქტივი გაყინონ. „უნდა გაიყინოს რუსეთის აქტივები  და ფინანსები, სანამ რუსეთი უკრაინიდან საკუთარ შეიარაღებულ ძალებს და ტექნიკას არ გაიყვანს“, - აღნიშნა იაცენიუკმა.

მისი თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შემოღებამ შედეგი ვერ გამოიღო. "ამ სიტუაციაში რუსული აგრესიის შეკავების ერთადერთი ელემენტი სანქციების განხილვა უნდა გახდეს, რომელიც ყველა რუსული აქტივების გაყინვას და ევროკავშირსა და აშშ-ში რუსეთის ყველა საბანკო ტრანზაქციის შეჩერებას ითვალისწინებს“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კიევის ცნობით, ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსული რეგულარული სამხედრო ნაწილები შევიდა. გასულ ღამეს, მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა და პრორუსმა მებრძოლებმა უკრაინის ზღვისპირა ქალაქი ნოვოაზოვსკი დაიკავეს. უკრაინული ძალების დიდი ნაწილი დონეცკის ოლქში ალყაში მოექცა.

უკრაინის პრეზიდენტს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.  

კომენტარები