თბილისის ბიუჯეტი

ნარმანია: დედაქალაქის წინა მთავრობამ არარეალურად მაღალი ბიუჯეტი დაგეგმა

დედაქალაქის ბიუჯეტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. დავით ნარმანიას თქმით, ბიუჯეტში დაახლოებით 25 მილიონი ლარის დეფიციტია, რაც დედაქალაქის წინა მთავრობის მიერ საბიუჯეტო თანხების არასწორმა ხარჯვამ განაპირობა. თბილისის მერმა საფინანსო საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს პროგრამული ბიუჯეტის დოკუმენტის მომზადებაც დაავალა. ნარმანიას თქმით, პრიორიტეტი სოციალური სფერო იქნება. ნარმანია საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური მთავრობისგან სესხის აღებასაც არ გამორიცხავს. 

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი არასწორად იყო დაგეგმილი. ნარმანიას შეფასებით, არარეალურად მაღალია ქონების გადასახადის და პრივატიზაციის შედეგად მისაღები შემოსავლების მოცულობა, რისი მობილიზებაც ქალაქის ყოფილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.

"შესაბამისად, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მცირდება. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდში პრაქტიკულად ბოლომდე დაიხარჯა ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილში გათვალისწინებული თანხები, ამიტომ, წლის ბოლომდე აუცილებლად გვჭირდება რამდენიმე მილიონი ლარი რაიონული გამგეობებისთვის. იმდენად მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ბიუჯეტში, რომ ბიუჯეტი იქნება დეფიციტური და დაახლოებით 25 მილიონ ლარამდე თანხის სესხება მოგვიწევს. ამაზე გვქონდა საუბარი ფინანსთა მინისტრთან, კონსულტაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში, მათ მოგვცენ თანხმობა სესხებასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წლის ბოლოს დაგვჭირდება დამატებითი რესურსები, იძულებული ვიქნებით, სესხი ავიღოთ იმისათვის, რომ გავისტუმროთ ყველა ის ადგილობრივი მომსახურება, რაც განსაზღვრულია ბიუჯეტიდან და შემდეგ მოგვიწევს მომდევნო წელს გასტუმრება, მას შემდეგ რაც დაგეგმილი და ნორმალურად აწყობილი პროგრამული ბიუჯეტი გვექნება", - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის თქმითვე, დედაქალაქის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მერიას ეკისრება. მისი განცხადებით, "ბიუჯეტი შედგა მერიაში და იმ ადამიანებს უნდა მოეთხოვოთ პასუხი, რომელთაც არარეალურად მაღალი ბიუჯეტი დაგეგმეს". ნარმანიას თქმითვე, "პასუხისმგებლობა ასევე არის იმ ადამიანების, რომელთაც წინასაარჩევნოდ საბიუჯეტო სახსრები როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ისე გამოიყენეს და ამით დაარღვიეს კანონმდებლობა".

თბილისის მერის თქმით, მისი ვალდებულებაა, მერიის ქვემდებარე უწყებებში, შესაბამის სამსახურებში პასუხისმგებელ პირებს, რომლებმაც მიიღეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, პასუხი მოეთხოვოთ.

"თუმცა დიდი ნაწილი იმ ადამიანების, ჩემდა სასიხარულოდ, მერიაში აღარ მუშაობენ", - აღნიშნა ნარმანიამ.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, ფინანსთა სამინისტრო თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დახარჯული თანხების საკითხს სწავლობს.

"თბილისის მერს ვესაუბრე. ჩვენი თანამშრომლები მუშაობდნენ თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან იმისათვის, რომ ბიუჯეტის რევიზია მომხდარიყო. თბილისის ბიუჯეტში პრობლემებია, დახარჯულია სოციალური ვალდებულებებით აღებული პრაქტიკულად მთელი ბიუჯეტი და დარჩენილი ოთხი თვის განმავლობაში მერიას აღარ ჰქონდა ამის რესურსი", - აღნიშნა ხადურმა.

ქალაქის მთავრობა დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს საკრებულოს მომავალ კვირას წარუდგენს. ცვლილებების პროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოიწონეს. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ქართული ოცნების უმრავლესობამ თბილისის მერიის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი რამდენჯერმე ჩააგდო. შემდეგ, მერიამ საკრებულოს შესთავაზა, თავად შეედგინა დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი და აღნიშნა, რომ "სრულ უბიუჯეტობას შიხიაშვილის მიერ შედგენილი ბიუჯეტი სჯობია". თბილისის მერიამ და საკრებულომ ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ შეთანხმებას 7 მარტს მიაღწიეს. საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა თქვა, რომ პროექტში შესული შესწორებები ძირითადად სოციალური დახმარებების, საბავშვო ბაღების დაფინანსების და ვეტერანებისთვის განკუთვნილი თანხის გაზრდას ითვალისწინებდა.

კომენტარები