ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლესი კვლევის მიხედვით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ყველაზე კარგად ჯანდაცვის მიმართულებით აფასებენ, ხოლო ყველაზე ცუდად - ფასების ზრდის, სიღარიბის და სამუშაო ადგილების.
კითხვაზე, "როგორ აფასებთ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას შემდეგ სფეროებთან მიმართებაში", გამოკითხულთა 26% პრემიერის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში "კარგად" ან "ძალიან კარგად" აფასებს, ხოლო 10% "ცუდად" ან "ძალიან ცუდად".
ყველაზე ცუდად, პრემიერის საქმიანობას NDI-ის გამოკითხულები ფასების ზრდა/ინფლაციის (38%), სიღარიბის (37%), სამუშაო ადგილების (37%), გადასახადების (24%), ტერიტორიული მთლიანობის (24%) და პენსიების (23%) მიმართულებით აფასებენ. ამავე სფეროებში, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად კვლევაში მონაწილეთა 10-14% აფასებს. ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა.
ადამიანის უფლებების და განათლების მიმართულებებით, საქართველოს პრემიერის საქმიანობას "კარგად" ან "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 19%-19% აფასებს, ხოლო "ცუდად" ან "ძალიან ცუდად", შესაბამისად, 10% და 12%.
უმცირესობათა უფლებების და ციხეების მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას "კარგად" ან "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 17%-17% აფასებს, ხოლო უარყოფითად, შესაბამისად, 10% და 12%.
ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, პრემიერის საქმიანობა კვლევაში მონაწილეთა 16%-ს მოსწონს, ხოლო 12% უარყოფითად აფასებს.
კრიმინოგენური მდგომარეობის და რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას "ცუდად" ან "ძალიან ცუდად" გამოკითხულთა 19%-19% აფასებს. მათი რაოდენობა კი, ვინც ამ სფეროებში პრემიერის საქმიანობას დადებითად აფასებს, შესაბამისად, 15% და 13%-ია.





