სავიზო რეჟიმი

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე საქართველოდან უცხოელის გაძევების წესი დაამტკიცა

fb.com

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე საქართველოდან უცხოელის გაძევების წესი დაამტკიცა. როგორც პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველო, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო, აგრძელებს სვლას იქითკენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი მოქალაქე ქვეყნიდან ადამიანის უფლებების დაცვის პირობებში გააძევონ. 

"საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ მყოფი უცხოელების გაძევების წესი მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ააშენა თანამედროვე დროებითი განთავსების ცენტრი თბილისში. აქ მოთავსდება ყველა გაძევების კანდიდატი უცხოელი, მაგრამ მათი უფლებები იქნება დაცული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განმარტებითვე, როდესაც პირი გაძევების კანდიდატი გახდება, ამის შესახებ მას ეცნობება და ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მიეცემა. მისივე თქმით, ასეთ პირს საქართველოს ტერიტორიაზე კანონის დაცვით შემოსვლის უფლება შემდგომშიც ექნება. 

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უცხოელების შემოსვლის და ბინადრობის წესებიც დამტკიცდა. თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მიგრაციის პოლიტიკის მოწესრიგებას საქართველოში; ამავე დროს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიგრაციის სფეროში ამუშავებს ახალ წესს, რათა ქვეყნის საზღვრების მართვა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელების შემოსვლის და გასვლის პროცესები გაუმჯობესდეს, ასევე უცხოელები იმყოფებოდნენ საქართველოში საბუთით და კანონიერი საფუძვლებით. 

"აბსოლუტურად მცდარია მოსაზრება, თითქოს უცხოელები თავისუფლად ვეღარ შემოვლენ საქართველოში. უცხოელებს იმ ქვეყნებიდან, რომელთა სიაც ჩვენ დღეს დავამტკიცეთ მთავრობის სხდომაზე, აქვთ უფლება, შემოვიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ. მთავარი, რაც იცვლება, არის ის, რომ უვიზოდ შემოსვლის შემდეგ საქართველოში 360 დღით დარჩენის მაგივრად, იქნება ყოველ 180 დღეში 90 დღე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, დღეს ასევე დამტკიცდა მთავრობის სხვადასხვა დადგენილება და წესი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელებისთვის ბინადრობის წესები. 

"პირველ რიგში, ჩვენ შემოგვაქვს ხუთი კატეგორიის სხვადასხვა ვიზა. ვისაც უნდა დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მეტი დრო, ვიდრე ამას ტურისტული თუ სხვა ხანმოკლე ვიზა ითვალისწინებს, საჭიროა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ წინასწარ, ქვეყანაში შემოსვლამდე აიღოს საიმიგრაციო ვიზა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს ბინადრობის მოწმობას სტუდენტური ან თუნდაც სხვა შრომითი საქმიანობის გაგრძელების მიზნით", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 24 ქვეყანას გაუუქმდა, 94 ქვეყნისთვის კი, კვლავ უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. ყველა ტიპის ვიზა 50 დოლარი ეღირება და მათი მიღება საქართველოს საკონსულოებში იქნება შესაძლებელი. უვიზოდ შემოსვლის "განსაკუთრებულ შემთხვევებს" კი საქართველოს მთავრობა ადგენს.

კომენტარები