სასჯელაღსრულების დაწესებულება

სასჯელაღსრულების სამინისტრო: რუსთავის ციხეში პატიმრებს შორის კონფლიქტი მოხდა

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავის N 6 დაწესებულების ერთ-ერთ საკანში წუხელ, ღამის პირველ საათზე მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტი მოხდა. უწყების განმარტებით, ერთ-ერთი პატიმარი, "რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, თანასაკნელების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სასჯელაღსრულების N7 დაწესებულებაში გადაიყვანეს". სასჯელაღსრულების სამინისტრო ციხის ტერიტორიაზე სპეცრაზმის შეყვანას ან თავად დაწესებულებაში რაიმე დაძაბულობას და არეულობას კიდევ ერთხელ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ციხეში სიმშვიდეა. 

"ეტაპირება მოხდა კანონის ფარგლებში. პატიმრის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების ადმინისტრაცია იღებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში პატიმრის გადაყვანა მიზნად ისახავდა სიტუაციის განმუხტვას და როგორც, თავად გადაყვანილი მსჯავრდებულის, ასევე სხვა პატიმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სიმართლეს არ შეესაბამება ,ასევე, დაწესებულებაში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. დაწესებულების შიგნით წესრიგს ადმინისტრაცია იცავდა და იცავს, ხოლო დაწესებულების გარეთ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და არეულობის პრევენციისთვის გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სამინისტრო ყოველ თავის ქმედებაში ემორჩილება კანონის უზენაესობას და შესაბამისად, კანონის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე მაქსიმალურად დაცული იყოს" - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ რუსთავის N6 დაწესებულებაში პატიმრების ბუნტი მზადდებოდა და სპეცრაზმი შეიყვანეს, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა. აღნიშნული სასჯელაღსრულების სამინისტრომ არ დაადასტურა და განაცხადა, რომ პატიმრების ახლობლებში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მსჯავრდებულთა ახლობლები საპყრობილესთან შეიკრიბნენ. რუსთავის N6 დაწესებულებასთან გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა.

კომენტარები