სამომხმარებლო ბაზარი

წერეთელი: წამლების რეცეპტით გაცემა სასწრაფო დახმარების საჭიროებას გაზრდის

112
medianews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის შეფასებით, წამლების რეცეპტებით გაცემის ახალი სისტემა ძალიან გაართულებს სასწრაფო დახმარების მომსახურებას. მისი აზრით, გაიზრდება გამოძახებების რაოდენობა და უფრო რთული გახდება მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ამ მომსახურების მიღება იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, სასწრაფო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე არა რიგითობის, არამედ პრიორიტეტების მიხედვით გაუშვას. 

"სასწრაფოს აქვს მწირი ტექნიკური ბაზა, დაბალი ხელფასი, ცუდი ტექნიკური აღჭურვილობა, რაც არ იძლევა საშუალებას, სწრაფად მოხდეს ბევრ საკითხზე რეაგირება. ასეთი ფართო წრის წამლების რეცეპტებით გაცემა აუცილებლად გაზრდის სასწრაფო დახმარების საჭიროებას. გაიზრდება გამოძახებების რაოდენობა, რაც, ვფიქრობთ, კიდევ უფრო გაართულებს ამ სამსახურის მუშაობას" - თქვა წერეთელმა.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის მედიკამენტის ყიდვის შეზღუდვის გადაწყვეტილებას და მას გაუგებარი უწოდა.

"ასეთი რეგულაცია არ ვიცი, სადმე თუ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 18 წლამდე ადამიანები ზოგჯერ მშობლებიც არიან, სტუდენტებიც არიან, მშობლებს უვლიან და მათ აქვთ საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არსებობს, თავისუფლად იყიდონ თამბაქო, ალკოჰოლი, რომელსაც გაცილებთ მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე მაგალითად, ნახშირის ტაბლეტებს და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან გადადგმულ რაიმე ეფექტურ ნაბიჯს" - აცხადებს წერეთელი.

ცნობისთვის, 1-ლი სექტემბრიდან II ჯგუფის მედიკამენტები მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. ამასთან, წამლები აღარ გაიყიდება 18 წელს მიუღწეველ ახალგაზრდებზე, მათ შორის, არც რეცეპტით. გარდა ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები გამოძახებებზე არა რიგითობის, არამედ, შემთხვევების სიმძიმის მიხედვით გავლენ, რასაც სატელეფონო ცენტრის ოპერატორები განსაზღვრავენ.

კომენტარები