საქართველოს მოქალაქეობა

ენმ: კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენციაა

რადიო "თავისუფლება"

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ამავე დროს, საპარლამენტო უმცირესობა კიდევ ერთხელ გამოხატავს პროტესტს ამ საკითხზე საქართველოს მთავრობის, განსაკუთრებით კი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოზიციის მიმართ. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, "ბოლო პერიოდში, საქართველოში კრიმინალური ავტორიტეტების გავლენის დაბრუნების შემაშფოთებელი ტენდენცია გამოიკვეთა". მისივე თქმით, ეს მოვლენები შეუძლებელი იქნებოდა დღევანდელი მთავრობის, განსაკუთრებით კი იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ღია თუ ფარული დახმარებისა და მფარველობის გარეშე. 

"შეგახსენებთ, რომ ქალბატონმა წულუკიანმა და ბატონმა ჭიკაიძემ სასწრაფოდ, ერთი დღის განმავლობაში პოზიტიური დასკვნა მისცეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თხოვნას რუსეთის მოქალაქეობის პარალელურად, გამონაკლისი სახით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე. როგორც ჩანს, მათ კახა თარგამაძეს საქართველოს წინაშე დამსახურებად საქართველოს, როგორც ნარკოტრეფიკის დერეფნის ჩამოყალიბება, საქართველოში კორუფციის ყველა დონეზე დამკვიდრება და ქრთამის, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნორმად ქცევა, რისი ნათელი მაგალითი იყო "გაი", რომელიც ატყავებდა საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუთვალეს. მის პერიოდში მწვანე შუქი მიეცა ძალადობას, ადამიანების გატაცებას, პოლიციის შენობიდან ადამიანების გადმოგდებას და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ქურდული სამყაროს შერწყმას. ყველას გვახსოვს ძალოვნებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ერთობლივი ბიზნესპროექტები და დანაშაულებრივი საერთო ინტერესები, გვახსოვს თუ როგორ შედიოდა თავზე ლაბადაგადაფარებული თარგამაძე კანონიერ ქურდებთან თათბირზე", - განაცხადა მინაშვილმა და საზოგადოებას კრიმინალური ავტორიტეტების საქართველოში ექსტრადიცია/დეპორტაციისა და შემდგომი გაქრობის ფაქტები შეახსენა.

"ერთ-ერთ მათგანს რომან ბარბაქაძეს (მეტსახელად რემენა) იუსტიციის სამინისტრომ ერთი დღის ვადაში დაჩქარებული წესით დაუმზადა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი, რომლის დახმარებითაც მან დატოვა საქართველოს ფარგლები. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იუსტიციის მინისტრმა ქურდული სამყაროს მიმართ თავისი ღია მხარდაჭერა გამოხატა. გავიხსენოთ მისი და კრიმინალური ავტორიტეტ გოჩა ჯოხაძის ერთობლივი ფოტოსურათები და იუსტიციის სახლის წინ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისთვის ძეგლის დადგმის ფაქტები. საქართველოს მთავრობის და მისი მინისტრების ეს პოზიცია კიდევ ერთი დამადასტურებელია, იმისა, რომ მოსახლეობის პრობლემებზე ზრუნვისა და საარჩევნო დაპირებების შესრულების ნაცვლად, ისინი კვლავაც ერთი ადამიანის, დე ფაქტო მმართველის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთების აღსრულებაზე არიან კონცენტრირებული. ყოველივე ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს განვითარებასა და წინსვლას და გამოიწვევს იმ პერიოდში დაბრუნებას, როდესაც საქართველო ჩამოშლილი სახელმწიფო იყო", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა.

 

კომენტარები