ველლა გალფი

ღარიბაშვილი: ამერიკის მეგობრობა და დახმარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

ტაბულა

"ამერიკის მეგობრობა და დახმარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვიცით მეგობრობის ფასი და ყოველთვის ვიდგებით მათ გვერდით, ვინც საქართველოს მხარდამჭერი და ერთგულია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის კრეისერ ველლა გალფზე, სადაც მან სიტყვით მიმართა რიჩარდ ნორლანდს და კრეისერზე გამართულ მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის განვითარებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში, - განაცხადა პრემიერმა. 

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სამხედრო პარტნიორობის მნიშვნელობას. მისივე თქმით, ამჟამადაც დაგეგმილია წვრთნები, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს სანაპირო დაცვის პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცებას. 

"სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნა, სადაც დასაქმებული არიან ჩვენი მოქალაქეები. გარდა ამისა, მიმდინარეობს ნავსადგომების გაღრმავება, რათა გაადვილდეს გემების უსაფრთხო შესვლა-გამოსვლა, დამთავრდა ფოთის ბაზის უსაფრთხოების ვიდეოსისტემის დამონტაჟება, განახლდა ზღვაზე თვალთვალის სისტემების უნიფიცირება, გაუმჯობესდა უსაფრთხოების პირობები ინფრასტრუქტურისა და მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტებში", - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. 

ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ საქართველოს გადასცა გემების ამოსაღები ამწე. გარდა ამისა, მიმდინარეობს პირსების, დახურული ნავსადგურის მშენებლობა ბათუმში, მცურავი ერთეულებისათვის შეძენილია სათადარიგო ნაწილები, სწორედ  გემთსარემონტო სახელოსნოში განხორციელდა დამატებითი დაზგა-დანადგარების მონტაჟი და მომზადდა პერსონალი, - თქვა პრემიერმა. 

კომენტარები