საქართველოს მოქალაქეობა

მინაშვილი: თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭება წარსულში დაბრუნება იქნება

რადიო "თავისუფლება"

ერთიანი ნაცონალური მოძრაობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის წარსულში დაბრუნება იქნება. მისი თქმით, თარგამაძემ თავის დროზე უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, მიიღო ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეობა და "ახლა თავხედურად, ხელახლა ითხოვს განსაკუთრებული წესით მოქალაქეობის მიღებას". დეპუტატმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული წესით მოქალაქეობა საგამონაკლისო შემთხვევაა და მხოლოდ იმ ადამიანებს მიენიჭებათ, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვთ საქართველოს წინაშე.

"კახა თარგამაძის დამსახურება საქართველოს წინაშე რაში გამოიხატება - კორუფციის ჭაობი, ძალადობა, კრიმინალი, მაფიასთან კონტაქტი და გვახსოვს, კახა თარგამაძე ქურთუკგადაფარებული როგორ დადიოდა მაფიის ბოსებთან და კრიმინალურ ავტორიტეტებთან თათბირებსა და შეხვედრებზე. ეს არის წარსული იმ საქართველოში, რომელიც იყო ჩამორჩენილი, სადაც ჩამოშლილი იყო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ადამიანებისთვის ცხოვრება იყო სახიფათო. თუ კახა თარგამაძეს პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მისცემს, ეს იქნება წარსულში დაბრუნება. ჩვენ ვიცით დაზუსტებული ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის სამინისტრომ და შსს-მ ერთ დღეში მიანიჭეს მის მოქალაქეობის მოთხოვნას პოზიტიური და დადებითი დასკვნა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი მცდელობაა საქართველოს წარსულში დაბრუნება, იმ წარსულში, როდესაც ქვეყანაში იყო ძალადობა, მაფია, კორუფცია და კრიმინალი", - განაცხადა მინაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს კახა თარგამაძის მოქალაქეობის მოთხოვნაზე რამე სახის დასკვნის გაცემას.

კომენტარები