საქართველოს მოქალაქეობა

პრეზიდენტის პრესსამსახური კახა თარგამაძის მოქალაქეობაზე: ორშაბათს გეტყვით

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა თინათინ მჟავანაძემ ტაბულას უთხრა, რომ შს ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ინფორმაციას შაბათ-კვირას ვერ მიაწოდებს.

"ორშაბათს შეგვეხმიანეთ და ორშაბათს გეტყვით" - თქვა მჟავანაძემ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომლის სოფო ჯაჯანაშვილის განმარტებით კი, "დღეს ვერ გადავამოწმე, რადგან შაბათ-კვირას არ მუშაობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ისინი, ვისთანაც შედის განაცხადები და ორშაბათს გადავამოწმებ".

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრას. როგორც ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, კახა თარგამაძემ 2014 წლის 20 ივლისს მიმართა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. მისი თქმით, ყოფილი მინისტრის განაცხადმა ერთ დღეში მიიღო დადებითი დასკვნა იუსტიციის და შს მინისტრებისგან და უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა. ამასთან, შსს უარყოფს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის სახელით მსგავსი დასკვნის გაცემას.

კომენტარები