მიხეილ სააკაშვილის საქმე

პროკურატურა: სააკაშვილის კოსმეტიკურ პროცედურებში 399 495 ლარი დაიხარჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე"  სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის ერთ-ერთ ეპიზოდზე დოკუმენტებს აქვეყნებს. უწყების განცხადებით, გამოძიების მასალებიდან დგინდება, რომ  2009 – 2012  წლებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი ახლობლების კოსმეტიკურ პროცედურებში  დაიხარჯა  673 260 ლარი, ხოლო აქედან უშუალოდ  მ.სააკაშვილის პროცედურებზე დაიხარჯა 399 495 ლარი. კერძოდ, პროკურატურის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა საზღვარგარეთის სხვადასხვა კლინიკას რამდენჯერმე მიმართა ე.წ. ბოტოქსი-სა და ეპილაციის  პროცედურების ჩასატარებლად. 

"რაც შეეხება  ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის მიერ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებების არასანდოობასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება არაერთი უტყუარი მტკიცებულება და ფაქტობრივი გარემოება,  რომელიც ადასტურებს, რომ სდსს-ის ბიუჯეტიდან  8 837 461 ლარი  მოხმარდა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის პირად საჭიროებებს. აღნიშნულის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება სახელმწიფო დაცის სპეციალური სამსახურიდან ამოღებული ხარჯის გაწევის ამსახველი ყველა საჭირო საბუღალტრო და საანგარიშწორებო დოკუმენტაცია, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯების ეჭვქვეშ დაყენება მიზნად  მხოლოდ საზოგადიების შეცდომაში შეყვანას ისახავს. ასევე საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს დამატებით გავნვამრტოთ, რომ სდსს-ის კუთვნილი  8 837 461 ლარის გაფლანგვა ასევე დადასტურებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაბამისი დასკვნით" - აცხადებს პროკურატურა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  რუსთავი 2-ის 14 აგვისტოს ეთერში, საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებულ ბრალს არასერიოზული უწოდა, რადგან, მისი თქმით, "ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი პრეზიდენტი წევს ხარჯებს, ეს არის ჩვეულებრივი". ყოფილმა პრეზიდენტმა ბრალდებას გასახდომ პროცედურებზე და ბოტოქსზე თანხების ხარჯვის შესახებ სრული სიცრუე უწოდა.

კომენტარები