მიხეილ სააკაშვილის საქმე

გაბაშვილი: მსოფლიოში არსად მიხეილ სააკაშვილს პრობლემებს არ შეუქმნიან

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, "ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გამორთავს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან". მისი თქმით, თუ ყოფილ პრემიერს საშუალება მიეცემა, "ისევე განახორციელებს დევნას სააკაშვილის წინააღმდეგ, როგორც ამას ჩვენი სხვა ლიდერების წინააღმდეგ აკეთებს". ამასთან, გაბაშვილი აღნიშნავს, რომ "ეს არის აბსურუდული გეგმა, რადგან მსოფლიოში არსად სააკაშვილს პრობლემებს არ შეუქმნიან იმის გამო, რომ ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ რეჟიმს სჭირდება".

რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე შიდა ძებნის გამოცხადებას, ენმ-ის დეპუტატის თქმით, ხელისუფლების მიზანი სწორედ ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნას.

"მაგრამ იმ ფონზე, როგორც მიდის ქვეყნის ცხოვრება, როგორც მიდის გაუარესება ყველა სფეროში, ძალიან მალე დაკარგავენ იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს აქვთ და იძულებულები იქნებიან, ეს დევნის კამპანიაც შეაჩერონ", - თქვა გაბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული. მისთვის ბრალის წარდგენაზე შეშფოთება რამდენჯერმე გამოთქვეს ამერიკელმა სენატორებმა, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა, ორგანიზაცია Freedom House-ის ხელმძღანელმა დევიდ კრამერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით "იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ". 

კომენტარები