რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს აღმოსავლეთ უკრაინაში "მართლმადიდებელი ქრისტიანების" დასაცავად "ხმის ამაღლებისკენ" მოუწოდებს. ამის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდებზე გუშინ, 14 აგვისტოს წერილი გამოქვეყნდა. კირილი უკრაინის ხელისუფლების მიერ რუსი ინტერვენტების წინააღმდეგ წარმოებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას „სამოქალაქო ომად" მოიხსენიებს, ხოლო ტერორისტებს "სახალხო მოლაშქრეებს" უწოდებს. ამასთან, მოსკოვის პატრიარქი ფიქრობს, რომ უკრაინის არმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის. კირილი დახმარებას ადგილობრივი ავტოკეფალური და ავტონომიური ეკლესიების წარმომადგენლებს სთხოვს. აღნიშნული წერილი საქართველოს საპატრიარქოსაც გაეგზავნა, თუმცა მოგვიანებით ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ოფიციალური საიტიდან გაქრა. მიუხედავად ამისა, არაერთმა სააგენტომ უკვე მოასწრო მისი საკუთარ ვებგვერდზე გადატანა. ის დარჩა google-ის საძიებო სისტემაშიც.
მოსკოვის პატრიარქი კირილი რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში რელიგიურ ომად აცხადებს და ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფოს თავდაცვითი ზომები არის არა ანტიტერორისტული ოპერაცია, არამედ ბრძოლა მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. „მართლმადიდებლობაში" ის გულისხმობს ეკლესიას, რომელიც უკრაინაში მოღვაწეობს და მოსკოვს ემორჩილება. კირილი მსოფლიო მართლმადიდებელი პატრიარქების ღია მხარდაჭერას ითხოვს ამ პოზიციაში.
პატრიარქი კირილი კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას (რომელსაც პატრიარქი ფილარეტი ხელმძღვანელობს და მოსკოვს არ ემორჩილება), უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად, ბრალს სდებს "მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაში" - მოიხსენიებს რა მათ „სქიზმატებად" და „უნიატებად".
„ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე, უკრაინის პოლიტიკური კრიზისის დასაწყისში, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიისა და სქიზმატური საკრებულოს წარმომადგენლები, კიევის მაიდანზე გამოსვლისას, ღიად ქადაგებდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის სიძულვილს, მოუწოდებდნენ მართლმადიდებლური სიწმინდეების დაპყრობისკენ და უკრაინის ტერიტორიიდან მართლმადიდებლობის ამოძირკვისკენ. საომარი მოქმედებების დაწყებასთან ერთად უნიატებმა და სქიზმატებმა, აიღეს რა ხელში იარაღი, ანტიტერორისტული ოპერაციის საფარქვეშ დაიწყეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქოს) წინააღმდეგ პირდაპირი აგრესია უკრაინის აღმოსავლეთში", - ნათქვამია კირილის წერილში.
ამასთან, მოსკოვის საპატრიარქო აცხადებს, რომ „ჩვენ არ შეგვიძლია არ შევნიშნოთ ის ფაქტი, რომ უკრაინის კონფლიქტს აქვს ერთმნიშვნელოვანი რელიგიური ფუძემდებლური მოტივი. უნიატები და მათკენ მიმხრობილი სქიზმატები ცდილობენ დაამარცხონ კანონიკური მართლმადიდებლობა უკრაინაში. ეს მაშინ, როცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (მოსკოვის საპატრიარქო) მოთმინებით და სიმამაცით აგრძელებს, ამ რთულ პირობებში გამოკვებოს თავისი ტანჯული სამწყსო. მღვდლების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც თავის მსახურებას წარმართავენ იმ ადგილებში, რომლებიც საომარი მოქმედებების არენად იქცა, რჩება თავის სამწყსოსთან და იზიარებს სამოქალაქო ომის ყველა საშინელებას", - ნათქვამია წერილში.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წერილში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია არა რუსი ტერორისტების, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის.
„დახმარებას იღებს ყველა, განურჩევლად ნაციონალობისა და რწმენისა. მათ შორის არიან ისინიც, ვინც ეძებს რუსეთში თავშასაფერს - უკრაინული არმიის მრავალრიცხოვანი სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც არ სურთ ესროლონ საკუთარ ხალხს", - ნათქვამია განცხადებაში.
კირილს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების პირველიერარქებისადმი გაგზავნილ წერილში, უკრაინაში რუსეთის ეკლესიას დამორჩილებული მღვდლების შევიწროების ფაქტები მოჰყავს. პატრიარქი კირილი წერილში არ შეხებია კიევის საპატრიარქოს, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის, მრავალრიცხოვანი პროტესტანტული ეკლესიებისა და სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების დევნას ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ეკლესია რამდენიმედ არის გაყოფილი. კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესია მათ შორის ყველაზე მსხვილ ჯგუფებს წარმოადგენენ. პირველს პატრიარქი ფილარეტი ხელმძღვანელობს რომელიც უკრაინის ევროპული მომავლის მხარდამჭერი გახლავთ, მეორე კი მოსკოვის საპატრიარქოს ემორჩილება და სულ ახლახან ახალი მიტროპოლიტი, ონოფრე ჩაუდგა სათავეში - რომელიც „რუსული სამყაროს" მომხრეა.
ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია რომის პაპს ემორჩილება, ისე, რომ ინარჩუნებს ღვთისმსახურების აღმოსავლურ ტრადიციას, იმ მსახურების იდენტურს, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიები მსახურებენ.
ტაბულა შეეცდება საქართველოს საპატრიარქოსგან მოიპოვოს კომენტარი - აპირებს თუ არა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ხმის ამაღლებას" უკრაინაში „მართლმადიდებელი ეკლესიის დევნასთან" დაკავშირებით და რას ფიქრობს ის აღნიშნულ წერილზე.