მიხეილ სააკაშვილის საქმე

ბესელია სააკაშვილზე: ამ ხარჯების ფონზე, კიდევ ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დევნაა?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, პროკურატურა აკეთებს იმას, რაც მას კანონით ევალება. ბესელია მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა.

"მას პატიმრობა აქვს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებად. ამის შემდეგ, იწყება ოფიციალური ძებნის გამოცხადება. შემდეგ გაგრძელდება სხვა პროცედურები. პროკურატურა აკეთებს იმას, რაც მას კანონით ევალება, მაგრამ ბრალდება, რომელიც ემატება და ემატება სააკაშვილს, სამარცხინოა ეს ყველაფერი. დღეს იმ ადამიანებს, ვინც მას გულშემატკირვობს, უბრალოდ ამ იმ ხარჯების ნუსხა უნდა გავაცნოთ, ამ შინაარსსა და ამ დეტალებზე უნდა ვკითხოთ, ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ფიქრობენ, რომ ეს პოლიტიკური დევნაა?" - აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე ქვეყნის შიდა ძებნა გამოცხადდა. პროკურატურის ინფორმაციით, ამის შესახებ გამოტანილია დადგენილება, რომელიც გადაეცა შესაბამის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ, მიხეილ სააკაშვილს 7 ნოემბრის აქციისა და ტელეკომპანია იმედში შეჭრაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, რის შესაბამისადაც ძებნა გამოცხადდა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას დააკავებენ.

მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2 აგვისტოს შეეფარდა. სააკაშვილი კიდევ ორ საქმეზეა ბრალდებული. მისთვის ბრალის წარდგენაზე შეშფოთება რამდენჯერმე გამოთქვეს ამერიკელმა სენატორებმა, ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა, ორგანიზაცია Freedom House-ის ხელმძღანელმა დევიდ კრამერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თქვა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით "იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ". 

კომენტარები