მედიკამენტები რეცეპტით

სერგეენკო: წამლების წინასწარ მომარაგების საჭიროება არ არსებობს

ipress.ge

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, მედიკამენტების გაყიდვის ახალი რეგულაციების ამოქმედებასთან დაკავშირებით წამლების წინასწარ მომარაგების არანაირი საჭიროება არ არსებობს.

„რეცეპტებზე გადაცვლის გარდამავალი გეგმა გათვლილ იქნა ერთი წლის განმავლობაში და ის ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ცალსახად მიდა გავუსვა ხაზი და მივმართო მოსახლეობას, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არის", - განაცხადა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.

მისი თქმით, ურეცეპტო გაყიდვაში რჩება 3300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, ასევე ყველა აფთიაქს ექნება გადაუდებელი მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც ჯანმრთელობის უეცრად გაუარესების შემთხვევაში მოქალაქეს შეეძლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეიძინოს. ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის შემოდის ხანგრძლივი მოქმედების, ერთწლიანი რეცეპტები.

სერგეენკომ ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალ გაყიდვაში რჩება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიალერგიული პრეპარატების დიდი ჩამონათვალი. „ასე რომ, ვარწმუნებ მოსახლეობას, ამ მხრივ რისკები არ არსებობს", - განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკომ უკმაყოფილება გამოთქვა საზოგადოების გარკვეული ჯგუფის „მსუბუქი ცინიკური დამოკიდებულებით" ამ საკითხისადმი. „გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან სერიოზული თემაა და ჩვენ ძალიან ბევრი ვუმუშავეთ იმისათვის, რომ დაგვებრუნებინა სისტემა ნორმალური კლინიკური მედიცინის ლოგიკისათვის", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები