კრიზისი უკრაინაში

კიევის მაიდანზე აქტივისტები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ

კიევის მაიდანზე დღეს დილით იქ მყოფ აქტივისტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება დაიწყო. კონფლიქტი მაიდანზე კომუნალური სამსახურების თანამშრომლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც ბარიკადებისა და კარვების დაშლა დაიწყეს. შეკრებილმა აქტივისტებმა საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. მაიდანზე წესრიგის აღსადგენად ეროვნული გვარდიის ბატალიონი "კიევი-1" მივიდა.

პარალელურად გრძელდება საბრძოლო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. მთელი ღამის განმავლობაში დონეცკის მახლობლად და რუსეთის საზღვართან პოზიციური ბრძოლები გრძელდებოდა. უშიშროების საბჭოს განცხადებით, რუსეთიდან უკრაინაში სამხედრო ტექნიკის ახალი პარტია შემოვიდა. ამავე დროს, კიევში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალები მზადაა, პასუხი გასცეს რუსეთს უშუალო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში.

რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრის საშიშროებაზე NATO-ც საუბრობს. ალიანსმა საგანგებო განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან 20 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ამ მდგომარეობით შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, საკუთარი ჯარები უკრაინაში სამშვიდობო ან ჰუმანიტარული მისიის საბაბით შეიყვანოს. ეს კი სიტუაციის გამწვავებას გამოწვევას - მიაჩნიათ NATO-ში.

უკრაინული წყაროების ცნობით, 72-ე უკრაინული ბრიგადის ჯარისკაცებმა, რომლებიც ალყაში მიექცნენ და იძულებულნი იყვნენ რუსეთში გადასულიყვნენ, შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი სპეციალურ ბანაკში მოათავსეს, სადაც ФСБ-ს ოფიცრები მათ გადმობირებას ცდილობენ. სულ რუსეთის ტერიტორიაზე 438 სამხედრო გადავიდა, თუმცა, მათი უმრავლესობა სამშობლოში უკვე დაბრუნდა და რუსეთში მხოლოდ 60-მდე სამხედრო რჩება. მათ დაბრუნებას რუსეთი დაბრკოლებებს უქმნის.

კომენტარები