უკრაინის კრიზისი

ტუსკი: უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის საფრთხე გაიზარდა

wiwo.de

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების უშუალოდ შეჭრის საფრთხე გაიზარდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, შემაშფოთებელი ინფორმაცია ვარშავაში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მიიღეს.

ტუსკის განცხადებთ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ. განცხადება უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციის გაზრდის შესახებ პენტაგონმაც გააკეთა.

ამერიკის სამხედრო უწყების ცნობით, რუსეთმა საზღვრებთან დამატებით 10 ათასი სამხედრო და მძიმე შეიარაღება, მათ შორის, არტილერია და საჰაერო თავდაცვის საშუალებები გაგზავნა. დაიძაბა სიტუაცია დნესტრისპირეთის მიმართულებით - არაღიარებულმა რესპუბლიკამ უკრაინის ხელისუფლება საზღვარზე პროვოკაციის მომზადებაში დაადანაშაულა, ოფიციალურმა მოსკოვმა კი კიევი მოსალოდნელი შედეგების შესახებ გააფრთხილა.

უკრაინის უშიშროების საბჭოს განცხადებთ, სამთავრობო ძალები დონეცკისა და ლუგანსკის გარშემო ტერორისტთა შევიწროებას განაგრძობენ. უშიშროების საბჭოს მონაცემებით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში 18 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინელ სამხედროებს კვლავ რუსეთს ტერიტორიიდან ბომბავდნენ.

ქალაქ ლუგანსკში ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. კიევი აცხადებს, რომ საბრძოლო ოპერაციის დროს მოქალაქეთა სიცოცხლეს მაქსიმალურად უფრთხილდება.

”დონეცკი და ლუგანსკი ციხესიმაგრეები არ არის. ეს სამრეწველო ქალაქებია, რომელთა გარეუბნებში საცხოვრებელი რაიონებია განლაგებული. ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა ამ გარეუბნებს უკვე მიაღწიეს”, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ანდრი ლისენკომ.

კომენტარები