სავიზო რეგულაციები

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსასვლელად 1 სექტემბრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის თქმით, ახალი კანონით სიახლეები სამი მიმართულებით შემოდის. ეს ეხება სავიზო რეგულაციებს, ბინადრობის ნებართვების გაცემას და არალეგალურად მყოფი მიგრანტის საქართველოდან გაძევებას.

"ძირითადი ცვლილება არის ის, რომ ქვეყანაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება 180-დღიან პერიოდში 90 დღით. ეს ეხება უვიზო ქვეყნების მოქალაქეებს და იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც სავიზო რეჟიმი მოქმედებს. სიახლეა ისიც, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სურვილი აქვს საქართველოში უფრო მეტი ხნით შემოვიდეს ანუ გრძელვადიანად - სასწავლებლად, სამუშაოდ ან ოჯახის გაერთიანების მიზნით, ამ შემთხვევაში მათ საემიგრაციო ვიზის აღება მოუწევთ", - აღნიშნა გიორგი ტაბატაძემ.

კანონში განხორციელებული ცვლილებებით საკანონმდებლო დონეზე არ იქნება განსაზღვრული იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, სადაც უვიზო რეჟიმი იმოქმედებს. ასეთი ქვეყნების სიას მთავრობა საკუთარი დადგენილებით განსაზღვრავს. გიორგი ტაბატაძის ცნობით, სახელმწიფოთა სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა უვიზოდ შეეძლებათ, აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

"უვიზო რეჟიმი ექნებათ ევროპის ქვეყნების, NATO-ს წევრი, დსთ-ის წევრი და საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებს", - აღნიშნა გიორგი ტაბატაძემ.

კომენტარები