უკრაინის კრიზისი

უკრაინულმა ძალებმა დონეცკი ალყაში მოაქციეს

უკრაინის სამთავრობო ძალებმა დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი იასიონოვატაია დაიკავეს, რომელზეც რკინიგზა და მნიშვნელოვანი კომუნიკაციები გადის. უკრაინის უშიშროების საბჭოს სპიკერის ანდრი ლისენკოს განცხადებით, ამით ტერორისტებს ჩრდილოეთიდან მომარაგების გზა მოეჭრათ. დონეცკის დაჯგუფება ფაქტობრივად სრულ ალყაშია მოქცეული, ქალაქში ტერორისტული ფორმირებების გამოვლენის და განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს.

ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობამ ალყაშემორტყმული დონეცკისა და ლუგანსკის დასატოვებლად მოსახლეობას დერეფნები შესთავაზა და სპეციალური მარშრუტები გამოაქვეყნა, რომლითაც მოქალაქეებს საბრძოლო მოქმედების ზონის დატოვება შეუძლიათ. დერეფნების გარშემო სამთავრობო ძალები 10-დან 14 საათამდე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დაიცავენ.

უკრაინელი სამხედროების ჯგუფი, რომელიც რუსეთის საზღვართან ალყაში იყო მოქცეული, რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. რუსული მედიის ცნობით, საზღვარი 400-მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გადაკვეთა და თავშესაფარი რუსეთში ითხოვა. ანტიტერორისტული ოპერაციის სარდლობამ დაადასტურა, რომ 72-ე მექანიზებული ბრიგადა ორად გაიყო - ძირითადმა ნაწილმა ალყა გაარღვია, ის ჯგუფი კი, რომელიც პირველ ნაწილს იცავდა, რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც საბრძოლო ტექნიკა და იარაღი მწყობრიდან გამოიყვანა.

კომენტარები