უშიშროების საბჭოს სხდომა

უსუფაშვილი: პრემიერი როგორც ჩანს, დაკავებულია, არც ერთი წუთი აქვს თავისუფალი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას იმიტომ არ დაესწრო, რომ "როგორც ჩანს, დაკავებულია". უსუფაშვილის თქმით, "ზოგადად, პრემიერი ის თანამდებობის პირია, რომელსაც არცერთი წუთი არ აქვს თავისუფალი". როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას შინაარსობრივად არაფერი დაკლებია და არც ზედმეტი ყოფილა რამე". მისი შეფასებით, ეს იყო საქმიანი შეხვედრა, სადაც ქვეყნის უსაფრთხოებასა და მომავალზე იმსჯელეს.

"აქ რომ მოვედი, მაშინ შევიტყვე, რომ პრემიერი ვერ ახერხებდა მოსვლას. როგორც ჩანს, დაკავებულია. პრემიერი ზოგადად ის თანამდებობის პირია, რომელსაც არცერთი წუთი არ აქვს თავისუფალი. ალბათ ასეა. მეორე მხრივ, შესაბამისი მიმართულების მინისტრები იყვნენ წარმოდგენილები და ყველამ ამომწურავი ინფორმაცია წარმოადგინა", - თქვა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა, თუმცა პრემიერი დღევანდელ შეხვედრაზე არ მივიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, "რადგან უელსის სამიტთან დაკავშირებით, მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთებულია", მოხსენებებს ამის თაობაზე მთავრობის წევრები გააკეთებენ. მისი განმარტებით, "უფრო საინფორმაციო შეხვედრაა" და სწორედ ეს გახდა პრემიერის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არგამოცხადების მიზეზი.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "გამიხარდებოდა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყოფილიყო".

კომენტარები