ახალი ტექნოლოგიები

ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, პლასტმასი ჰაერიდან მიიღონ

პლასტმასის ბოთლები
Business Insider

კალიფორნიულმა ფირმამ Newlight Technologies-მა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც მას საშუალებას აძლევს, პლასტმასი პირდაპირ ჰაერიდან მიიღოს. ისინი პლასტმასს ჰაერში არსებული CO2-ის პოლიმერიზაციით იღებენ. ფირმის განცხადებით, ეს პროცესი არა მხოლოდ გარემოსთვის სასარგებლო, არამედ კომერციულადაც მოგებიანია.

ფირმის ხელმძღვანელის მარკ ჰერმანას განცხადებით, ისინი ჰაერში არსებულ სათბურის აირებს კომერციულად მოგებიან პროდუქციად აქცევენ, რაც გარემოს დაცვაზეც დადებითად აისახება. 

ფირმა უკვე 11 წელია, ამ ტექნოლოგიის შემუშავებაზე მუშაობს. სხვა ფირმებიც მუშაობენ იმავეზე, მაგრამ პირველი კომერციულად მოგებიანი მეთოდი Newlight Technologies-მა შექმნა. მათ მიერ დამზადებულ პლასტმასს Air Carbon-ი ჰქვია, ყოველ პროდუქტზე სპეციალური სანიშნე განთავსდება, რომ მომხმარებელი ამ ახალ პროდუქტს უკეთ გაეცნოს.

ფირმა CO2-ით გაჯერებულ ჰაერს სპეციალურ რეაქტორში უშვებს, სადაც ის დანამატებითა და ტემპერატურული პროცედურების გავლის შემდეგ ქაფისებურ მასად გადაიქცევა, რომელსაც შემდეგ აციებენ და ყალიბებში ასხამენ. კომპანია პლასტმასის დამამზადებელი რეაქტორების ინდუსტრიული ზონებისთვის მიწოდებას აპირებს, სადაც ქარხნებიდან გაფრქვეული სათბურის აირები სამომხმარებლო პროდუქტად გადაიქცევა. ჯერჯერობით ამ პლასტმასისგან სკამებსა და მობილურის ჩასადებ ქეისებს აკეთებენ, თუმცა მომავალში სხვა პროდუქტების დამატებაც იგეგმება.

Newlight Technologies-ის მიერ წარმოებულ მასალას Dell-ი საკუთარი ლეპტოპების შესაფუთად გამოიყენებს.

მსოფლიოში ყოველწლიურად ჰაერში დაახლოებით 31 მილიონი ტონა CO2 გაიფრქვევა, ხოლო სათბურის აირების სამომხმარებლო პროდუქტად გარდაქმნამ, შესაძლოა, ეს რიცხვი შეამციროს. თუმცა თავად პლასტმასიც გარემოს დაბინძურების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

კომენტარები