რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ბერძენიშვილი: რუსეთის გადაწყვეტილება საერთოდ არ აისახება ქართულ ეკონომიკაზე

ლევან ბერძენიშვილი
ლევან ხერხეულიძე / ლიბერალი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება "საერთოდ არ აისახება ქართულ ეკონომიკაზე". მისი თქმით, "ცალკეული ადამიანების ბიზნესი დაზარალდება, მაგრამ ბალანსი, ანუ სარგებლობა, რაც ევროპიდანაა, ყოველთვის იყო მეტი". ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ არჩევანი იყო ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზრის სასარგებლოდ.

"გასაგებია, რომ ამ არჩევანს მოყვება გარკვეული სირთულეები, მარტო სიკეთეები არა. ამას მოყვება შესაბამისი ეკონომიკური შედეგები, რომელიც არ აისახება ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე და საერთოდ არ აისახება ქართულ ეკონომიკაზე. ცალკეული ადამიანების ბიზნესი დაზარალდება, ეს გასაგებია, მაგრამ ბალანსი, ანუ სარგებლობა, რაც ევროპიდანაა, ყოველთვის იყო მეტი, ამიტომ საქართველოს ისტორიული არჩევანი ასეთია, იმის გამო, რომ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობა შეგვენარჩუნებინა, ვერც ოკუპაციას ვერ ვაპატიებდით და ვერც ევროპულ ორიენტაციაზე ვერ ვიტყოდით უარს", - თქვა ბერძენიშვილმა.

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას გულისხმობს.

რია ნოვოსტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები