რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

მაჭავარიანი: არ შეიძლება, რუსულ პოლიტიზებულ ბაზარს ენდო

ka.wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "რუსული ბაზარი არის პოლიტიზებული და მისი ასეთი სწრაფი გახსნა ნაკარნახევი იყო იმით, რომ რაც შეიძლება მეტად ტკენოდა ქართულ ეკონომიკას რუსული ბაზრის დახურვა".

მაჭავარიანის განცხადებით, "ჩვენი გზა, რასაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ვაკეთებდით, რომ ნაკლებად ვყოფილიყავით დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, აღმოჩნდა სწორი გზა, რადგან არ შეიძლება ასეთ პოლიტიზებულ ბაზარს ენდო". მისივე თქმით, გასაგებია, რომ ქართველი მეწარმეები რუსულ ბაზარზე გასვლით დაინტერესებულნი იყვნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოლონური, უკრაინული, მოლდოვური პროდუქტის შემდეგ, ჯერი საქართველოზე დადგებოდა.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რუსული პოლიტიკის ლოგიკა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო", - აღნიშნავს მაჭავარიანი.

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს - ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

რია ნოვოსტის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეჩერებას გულისხმობს.

რია ნოვოსტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ძალაში პირველი სექტემბრიდან შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან.

საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა.

კომენტარები