მიხეილ სააკაშვილის საქმე

სააკაშვილი: ერთი დაკომპლექსებული ოლიგარქის ბოღმა რუსეთის ინტერესებს დაემთხვა

ერთი დაკომპლექსებული ოლიგარქის ინსტინქტები და ბოღმა დაემთხვა მთავარი მოთამაშის, რუსეთის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ს განუცხადა.

სააკაშვილმა, რომელიც ახლა ბუდაპეშტში იმყოფება, აღნიშნა, რომ მას სრულიად დაუსაბუთებლად, უსამართლოდ და სასაცილოდ სდებს პროკურატურა ბრალს. ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი კი, მისთვის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაა.

"ერთადერთი, რუსებს უხარიათ, რომ შემიზღუდონ გადაადგილება, რადგან მათ აღიზიანებთ ჩემი გადაადგილება უკრაინაში, აქ. რანაირად უნდა შემიზღუდონ გადაადგილება, ხომ ხედავთ, აქ ვარ დღეს, ევროპის მთავარ ქვეყანაში, მის ხელმძღვანელთან და ბევრად მეტ ადგილას დავდივარ, ვიდრე მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე, და კიდევ უფრო ნაკლებად ივლიან იმის ფონზე, რასაც აკეთებენ, და ვიდრე დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი. ვივლი და ვივლი საქართველოს საკეთილდღეოდ, ვერავინ შემზღუდავს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, სულ ორი ქვეყანაა, სადაც ჩასვლა არ შეუძლია. ერთი რუსეთია, მეორე კი, სამწუხაროდ, საქართველო.

"საქართველოს შემთხვევაში ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ბოლოს და ბოლოს შვილი მეზრდება საქართველოში და მენატრება ჩემი შვილიც და ჩემი ოჯახიც მთლიანად, მაგრამ ამის მიუხედავად, გავუძლებთ. მენატრება ჩემი ქვეყანა მთლიანად. ეს არის ძალიან დროებითი მოვლენა და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს დაწყებულ საქმეს და ხომ ხედავთ, აგერ ვარ და ასე ვივლი მთელს მსოფლიოში, რანაირად უნდა შემზღუდონ?!", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა კომენტარი 7 ნოემბრის საქმეზე ნინო ბურჯანაძის ჩვენებაზეც გააკეთა. 

”ჯობია პირდაპირ პუტინისგან და მედვედევისგან აიღონ ჩვენება. ისინი ყველაზე კარგ ჩვენებებს მისცემენ. შემიძლია გრძელი სია მივცე იმ ხალხის, რომელიც ჩემზე მათთვის სასურველ ჩვენებას მისცემს”, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა არ სჭირდება და ყველა ქვეყანა დიდი სიამოვნებით იღებს.

"რაში მჭირდება მე პოლიტიკური თავშესაფარი?! ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ. ამერიკაში ძალიან კარგად მიღებენ და ამერიკის რეაქციები ნახეთ. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში კარგად მიღებენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები