კრიზისი უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლებული პუნქტი სტეპანოვკა გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ტერორისტებზე შეტევას განაგრძობენ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლის საურ-მოგილას დაკავების შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა დასახლებული პუნქტი სტეპანოვკა გაათავისუფლეს და აგრძელებენ ბრძოლას ქალაქების შახტერსკისა და ტორეზისათვის. მათი დაკავება საშუალებას მისცემს ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ძალებს, ტერორისტთა დონეცკის დაჯგუფება სრულ ალყაში მოაქციონ და რუსეთის საზღვართან მყოფი უკრაინული ქვედანაყოფების ალყა გაარღვიონ.

ტერორისტთა ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინული ძალების შეტევის მოგერიებას ცდილობს. იგორ გირკინი მალაიზიური ბოინგის ჩამოგდებაში სეპარატისტთა მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

"მტერმა ბრძოლაში მთელი ძალები ჩართო და ცდილობს, ჩვენი მებრძოლები დონეცკთან ალყაში მოაქციოს. მე არ ვიცი, ვინ და რით ჩამოაგდო თვითმფრინავი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ის ჩემს ხალხს არ ჩამოუგდია. ჩვენ არანაირი ბუკის სისტემის დანადგარი არ გვქონია და ვერც თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანებას გავცემდი", - აცხადებს დონეცკელ ტერორისტთა ლიდერი იგორ გირკინი.

ექსპერტები ნიდერლანდებსა და ავსტრალიიდან დღეს ბოინგის ჩამოგდების ადგილის მონახულებას მესამედ შეეცადნენ. თუმცა, იმის გამო, რომ საბრძოლო მოქმედებები უკვე ჩამოვარდნის ადგილის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს, 38 ჰოლანდიელი და 12 ავსტრალიელი სპეციალისტი იქ კვლავ ვერ მოხვდა. ისინი უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს ითხოვენ.

კომენტარები