ენერგეტიკა

კალაძე: თუ გაქვთ ეჭვი, რომ ეს იყო დივერსია, ჩართეთ საგამოძიებო უწყებები

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროსისტემის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, საქართველოს ენერგოსისტემაში გუშინ მომხდარი ავარიის მიზეზების დასადგენად, საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას მიმართოს. კალაძემ საქართველოს ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორ, სულხან ზუმბურიძეს მიმართა.

"გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა იყო მაღალი გადამცემი ხაზის გათიშვის ძირითადი მიზეზები. თუ საჭიროა და თუ გაქვთ ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დივერსია, ჩართეთ საგამოძიებო უწყებები და მოგვახსენეთ დღის განმავლობაში", - მიმართა კალაძემ ზუმბურიძეს.

კალაძის თქმით, წუხელ დაზიანებული 3 გადამცემი ხაზიდან 1 აღდგენილია, დანარჩენი 2-ის აღდგენის მიზნით კი სამუშაოები მიმდინარეობს.

"როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ღამით ელექტროსისტემაში შეგვექმნა ფორსმაჟორული სიტუაცია, რომლის გამოც თითქმის მთელი საქართველო დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ასეთი მასშტაბური ავარია ბოლოს ჩვენ გვქონდა 2010 წელს სამჯერ - ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. ჩვენ რამდენიმე საათში მოვახდინეთ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. ამ ეტაპზე მოსახლეობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს დენი შეუფერხებლად მიეწოდება. დაზიანებულია 500 კილოვოლტიანი ხაზი "იმერეთი" - მარტვილის რაიონში 106-ე ანძასთან გაწყვეტილია ხაზები, ასევე დაზიანებული იყო 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი კოლხიდა და პალიასტომი. კოლხიდას აღდგენა მოხდა გუშინ ღამესვე, პალიასტომსა და იმერეთზე კი მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღის განმავლობაში დასრულდება. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, ასევე ბოდიში მოვუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას გამოწვეული ავარიისა და იმის გამო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიწოდებოდათ", - აღნიშნა კალაძემ.

ელექტროსისტემის გენერალურმა დირექტორმა სულხან ზუმბურიძემ კალაძეს უპასუხა, რომ წუხელ მომხდარი ავარიის მიზეზების დადგენის პროცესში სამართალდამცავი ორგანოები არიან ჩართული. მისი თქმით, ავარიის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური დაზიანება გახდა, თუმცა საჭიროა ყველა ეჭვის გამორიცხვა.

”ჩვენ ყველა ეჭვი უნდა გამოვრიცხოთ და ამისთვის ავარიის მიზეზის დადგენის პროცესში ჩართული გვყავს სამართალდამცავი ორგანოები. პირველადი მონაცემებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს ტექნიკური დაზიანება იყო, თუმცა იმისთვის, რომ ყველა ეჭვი იყოს გამორიცხული, გამოძიება უნდა ჩატარდეს თავიდან ბოლომდე. ამისთვის ჩვენ მზად ვართ”, - აღნიშნა ზუმბურიძემ.

ზუმბურიძის ინფორმაციით, 3 დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზიდან უკვე აღდგა კოლხიდა, ცოტა ხნის წინ კი ენერგიის მოწოდება განახლდა პალიასტომი 1-დანაც. იმერეთი კი რამდენიმე საათში აღდგება.

კომენტარები