სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

ქუცნაშვილი სააკაშვილის დაბარებაზე: თუ მართალი კაცია, შეკითხვებს პასუხი გასცეს

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებაში არაბუნებრივს ვერაფერს ხედავს. მისი თქმით,  პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და "გასაკვირი იქნებოდა ის, რომ ლეგიტიმური კითხვები სადღაც გამქრალიყო".

"არაბუნებრივს იმაში ვერაფერს ვერ ვხედავ, რომ არსებობს უამრავ საქმეზე შეკითხვა და შესაბამისად, გამოძიება ითხოვს ამ პასუხების ავტორისგან პასუხს. ასე რომ, ვნახოთ, სააკაშვილი როგორ მოიქცევა. ჩვენ იმავე ინფორმაციას ვფლობთ, რასაც საზოგადოების დანარჩენი ნაწილი და გვაინტერესებს, რა ლეგიტიმური შეკითხვები არსებობს და სააკაშვილს ეყოფა თუ არა ღირსება იმისთვის, რომ თუ მართალი კაცია, ამ შეკითხვებს პასუხი გასცეს" - თქვა ქუცნაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. უწყება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჩაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე 28 ივლისს, ორშაბათს, 11:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

თავდაპირველად, მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბარში ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ეს ძალიან ძველი ინფორმაციაა. მოგვიანებით კი, აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

კომენტარები