სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა

Image removed.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარმა პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. როგორც ტაბულას წყარომ აცნობა, უწყება მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჩაიბარა. 

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე 28 ივლისს, ორშაბათს, 11:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყებაში მხოლოდ საქმის ნომერია მითითებული და არ არის დაკონკრეტებული, რა საქმეზე დაკითხავენ მიხეილ სააკაშვილს.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნული ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ეს ძალიან ძველი ინფორმაციაა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლის უცხოელი სპეციალისტები მოიწვია და განაცხადა, რომ "ეს მნიშვნელოვანია მაღალი თანამდებობის პირების საქმეების გამოძიების წარმოების და პროცესის გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების ამაღლებისათვის". აღნიშნულ ფაქტზე, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა. პარტიის შეფასებით, "როგორც ჩანს, პროკურატურის შემდეგი სამიზნე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიო ასპარეზზე უკრაინის მხარდასაჭერად და ჩართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში". ენმ-ის განცხადებით, "პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილით შეპყრობილ მთავრობას, მაინც გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის წამოწყება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა, მაღალ პოლიტიკურ დონეზე, არა ერთხელ გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, არ გადაედგათ ეს მცდარი ნაბიჯი". 

Image removed.

აქვე შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე თვის წინაც დაიბარა. ყოფილი პრეზიდენტი საგამოძიებო უწყებას 28 მარტს, 13:00-ზე ათ საქმესთან დაკავშირებით უნდა დაეკითხა. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ყოფილ პრეზიდენტზე ძებნა გამოცხადდებოდა, მოგვიანებით კი განმარტა, რომ "მე მოვლენებს გავუსწარი".

მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო, შეშფოთება გამოთქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა.  

ყოფილი პრეზიდენტი დაკითხვაზე საქართველოში არ ჩამოსულა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს დისტანციურად დაკითხვა შესთავაზა SKYPE-ის მეშვეობით. მიხეილ სააკაშვილმა ამაზეც უარი თქვა. მოგვიანებით კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვენებას SKYPE-ის მეშვეობით, სასამართლოში მისცემს.

კომენტარები